ქალის რეპროდუქციული (სასქესო) სისტემის ანატომია

ქალის სასქესო სისტემა  წარმოდგენილია ორგანოებით,  რომლებიც უშუალოდ მონაწილეობენ რეპროდუქციულ პროცესებში. ქალის სასქესო სისტემაში განარჩევენ ორ ძირითად ნარილს (ძირითად სასქესო ორგანოებს) საშვილოსნოს და საკვერცეებს.  საშვილოსნო წარმოადგენს ნაყოფის მასპინძელს, ხოლო საკვერცხეები  აპროდუცირებენ კვერცხუჯრედს და ჰორმონებს.  ქალის რეპროდუქციული სისტემა შედგება გარეთა და შიგნითა სასქესო ორგანოებისაგან.

გარეთა სასქესო ორგანოები(organa genitalia externa)

გარეთა სასქესო ორგანოებს მიეკუთვნება: დიდი და მცირე სასირცხვო ბაგეები, კარიბჭის (ბართოლინის) ჯირკვლები, პარაურეთრული ჯირკვლები, კლიტორი, საშოს კარიბჭე, საქალწულე აპკი. გარეთა სასქესო ორგანოებთან ტოპოგრაფიულ კავშირშია  ბოქვენის მაღლობი, შარდსადენის სფინქტერი და შორისი.

ბოქვენის შემაღლება (mons pubis) – მუცლის კედლის ქვედა მიდამო, დაფარული თმოვანი საფარველით. ამ საფარველის ზედა საზღვარი მკაცრად ჰორიზონტალური უნდა იყოს (თმიანობის ქალური ტიპი). თმოვანი ნაწილის ზევით არის გარდამავალი ნაოჭი, რომელიც ბოქვენის შემაღლების ზედა საზღვარს წარმოადგენს,  გვერდებიდან კი შემოსაზღვრულია საზარდულის ნაოჭებით.

დიდი სასირცხვო ბაგეები (labia majora pudenda) – კანის წყვილი ნაოჭია, რომელიც ფარავს მცირე სასირცხვო ბაგეებს. გარედან დაფარულია თმით, პიგმენტირებულია, კაქვეშა ცხიმოვანი ქსოვილი კარგადაა გამოხატული, წარმოდგენილია ცხიმისა და საოფლე ჯირკვლები. შიგნითა ზედაპირი დაფარულია ნაზი კანით, რომელიც ლორწოვანს გარსს წააგავს.

ბართოლინის ჯირკვლები (glandulae  bartholini)-  მდებარეობენ დიდი სასირცხვო ბაგეების ქვედა მესამედში. სადინრებიდან მათი სეკრეტი გამოიყოფა სქესობრივი აგზნების დროს მცირე სასირცხვო ბეგეებსა და საქალწულე აპკს შორის, აადვილებს სქესობრივ აქტს და ხელს უწყობს სპერმატოზოიდების გადაადგილებას.

მცირე სასრიცხვო ბაგეები (labia minora pudenda)- ნაზი კანის ნაოჭებია. დაფარულია დიდი სასირცხვო ბაგეებით, მდებარეობს რა მათ შიგნითა ზედაპირზე. წინიდან გადადიან კლიტორში, უკნიდან ერწყმიან დიდ სასირცხვო ბეგეებს. გააჩნიათ ცხიმის ჯირკვლები, კარგი ინერვაცია და სისხლმომარაგება.

კლიტორი (clitoris)- მამაკაცის სასქესო ასოს ანალოგია. მისი ლორწოვანი მდიდარია სისხლძარღვებით, ნერვული დაბოლოებებით, ოფლისა და ცხიმის ჯირკვლებით, რომლებიც გამოიმუშავებენ ნოტიო სეკრეტს. მცირე სასირცხვო ბაგეები საშოს ხვრელის ზედა ბოლოსთან იყოფიან ორ წყვილ ნაოჭად, რომელთაგან ერთი ქვემოდან ემაგრება კლიტორს და ქმნის კლიტორის ლაგამს, მეორე კი ზევიდან ფარავს კლიტორს და კლიტორის ჩუჩას ქმნის.

საშოს კარიბჭე (vestibulum vaginae)-  საშოს არხი წინიდან შემოსაზღვრული კლიტორით, უკნიდან მცირე სასირცხვო ბაგეების შიგნითა ზედაპირებით და საქალწულე აპკით. საშოს კარიბჭეში იხსნება შარდსადენი მილის გარეთა ხვრელი, ბართოლინის ჯირკვლების სადინრები და მრავალი წვრილი ჯირკვალი.

საქალწულე აპკი (hymen)- თხელი აპკი, წარმოდგენილი ქალიშვილებში. აქვს მცირე ზომის ხვრელი მენსტრუალური სისხლის გამოსაყოფად. საქალწულე აპკის გახევას (დეფლორაციას) თან ერთვის სისხლდენა და მტკივნეულობა.

შარდსადენი მილი (urethra)- საშუალოდ 3-4 სმ სიგრძის მილია. გარეთა სასქესო ორგანოებს მიეკუთვნება ურეთრის გარეთა ხვრელი, რომელიც შემოსაზღვრულია  სფინქტერით.  მის ორივე მხარეზე მდებერეობს პარაურეთრული ჯირკვლები.

შორისი (perineum)- სხეულის ნაწილია, რომელიც მდებარეობს დიდი სასირცხო ბაგეების ქვედა შესართავსა და კუდუსუნის ძვალს შორის.  შორისი წარმოდგენილია ორ ნაწილად:  წინა ანუ სამეანო შორისი მდებარეობს დიდი სასირცხვო ბაგეების ქვედა შესართავსა და ანუსს შორის. წარმოდგენილია კანით, კანქვეშა ქსოვილით, ზედაპირული ფასციით და კან-კუნთოვანი წარმონაქმნებით. უკანა შორისი მდებარეობს ანალურ ხვრელსა და კუდუსუნის ძვალს შორის.

გარეთა სასქესო ორგანოების ფუნქციები: შინაგანი სასქესო ორგანოების დაცვა; წარმოადგენენ სასქესო მგრძნობელობის ორგანოებს; სასქესო აქტის დროს ქმნიან შესავალ კარიბჭეს, მშობიარობის დროს კი ნაყოფის გამოსავალ გზას.

შიგნითა სასქესო ორგანოები (organa genitalia interna)

შიგნითა სასქესო ორგანოებს მიეკუთვნება : საშო, საშვილოსნო, ფალოპის მილები და საკვერცხეები.

საშო (vagina, colpos)- მილის ფორმის ორგანოა. საშოს ღრუ ქვედა მესამედში დახურულია, მაგრამ საკმაოდ ადვილად იხსნება საშუალოდ 2-3 სმ-ზე სქესობრივი აქტის დროს და 8-10 სმ-ზე მშობიარობის დროს. ზედა ნაწილში საშოში შემოდის საშვილოსნოს ყელი. ამ მიდამოში საშო არ იკუმშება და მისი დიამეტრი დაახლოებით 8 სმ-ია. საშოს კედელი შედგება ლორწოვანი, კუნთოვანი და შემაერთებელი ქსოვილისაგან. ლორწოვანი გარსი მრავალშრიანი ეპითელიუმით არის წარმოდგენილი  და შედგება 4 შრისგან: ზედაპირული( ფუნქციური), შუალედური, პარაბაზალური და ბაზალური. საშოს ლორწოვანს აქვს მრავლობითი ნაოჭები, რომლებიც ამ ორგანოს გაფართოების საშუალებას აძლევენ. კუნთოვანი შრე შეიცავს შიგნითა ირგვლივ და გარეთა სიგრძივ კუნთოვან ბოჭკოებს.

საშვილოსნო (metra, uterus, hystera)- მსხლის ფორმის ორაგანოა. სიგრძე 7-9სმ, სიგანე 5სმ( საშვილოსნოს ყელის სიგრძე 3სმ, სიგანე 2-3 სმ), კედლის სისქე 1,5-3 სმ, წონა 50გრ. საშვილოსნო შედგება: სხეული (corpus uteri), ყელი (cervix uteri) და მათ შორის გარდამავალი ზონა, რომელიც იწყებს გამოკვეთას ორსულობის პერიოდში და მშობიარობის დროს ისახება, როგორც საშვილოსნოს ქვედა სეგმენტი.

საშვილოსნოს კედელი შედგება: ენდომეტრიუმის, მიომეტრიუმისა და პერიმეტრიუმისაგან. ენდომეტრიუმი ამოფენილია მოციმციმე ეპითელიუმით. მის ლორწოვანში გამოიყოფა ორი შრე- ბაზალური და ფუნქციური. კუნთოვანი შრე თავის მხრივ შედგება სუბმუკოზური, ინტრამურალური და სუბსეროზული შრეებისგან. გარედან საშვილოსნო დაფარულია სეროზული გარსით.

ფალოპის მილები, კვერცხსავალი (tuba uterinа, salpinx)- საშუალოდ 10-12 სმ სიგრძის წყვილი ორგანოა. შედგება რამდენიმე ნაწილისაგან: საშვილოსნოსშიგა (ინტერსტიციული, ინტრამურალური)- ყველაზე ვიწრო და მოკლე ნაწილი; ისთმური და ამპულარული- ყველაზე განიერი ნაწილი, რომელიც ფოჩებით მთავრდება. საშვილოსნოსშიგა ნაწილის სიგრძე 1სმ,სიგანე 1სმ,სანათურის დიმეტრი 1მმ-ია; ისთმური ნაწილის სიგრძე 4-5სმ, სანათურის დიამეტრი 4მმ; ამპულარული ნაწილის სიგრძე  6-7სმ, სიგანე 5სმ, სანათურის დიამეტრი 1-2სმ.

ფალოპის მილის კედლის შრეები: პერისალპინგსი- სეროზული გარსი, მეტროსალპინგსი- კუნთოვანი გარსი  შიგნითა და გარეთა სიგრძივი და შუა ცირკულარული შრეებით, ენდოსალპინგსი- ლორწოვანი გარსი მრავლობითი ნაოჭებით.

საკვერცხე (ovarium)- ოვოიდური(ოვალური) ფორმის წყვილი ორგანოა.  საშუალოდ სიგრძე 3სმ, სიგანე 2სმ, სისქე 1,5, წონა 6-8 გრ. მისი ძირითადი ფუნქციაა კვერცხუჯრედის მომწიფება და პროდუცირება.  გარდა ამისა საკვერცხე გამოიმუშავებს სასქესო ჰორმონებს.