საკვერცხე

LP2_14

მცირე მენჯის ღრუში მდებარე წყვილი ორგანოა. ასრულებენ მაგენერირებელ ფუნქციას, ანუ წარმოადგენენ ადგილს, სადაც ვითარდებიან და მწიფდებიან ქალის სასქესო უჯრედები. გარდა  ამისა წარმოადგენენ შინაგანი სეკრეციის ჯირკვლებს და გამოიმუშავებენ სასქესო ჰორმონებს (ენდოკრინული ფუნქცია).

საკვერცხეები გამოიმუშავებენ სტეროიდულ ჰორმონებს. საკვერცხის ფოლიკულური აპარატი გამოყოფს ძირითადად ესტროგენებს, აგრეთვე სუსტ ანდროგენებსა და პროგესტინებს. საკვერცხის ყვითელი სხეული (ქალის ორგანიზმის შინაგანი სეკრეციის დროებითი ჯირკვალი, არსებობს მენსტრუალური ციკლის ლუთეინურ ფაზაში), პირიქით, ასინთეზებს  პროგესტინებს და მცირე რაოდენობით ესტროგენებსა და სუსტ ანდროგენებს.

საკვერცხე შედგება სტრომისა (შემაერთებელი ქსოვილი) და ქერქოვანი ნივთიერებისაგან, რომელშიც მდებარეობენ ფოლიკულები განვითარების სხვადასხვა სტადიაში (პრიმორდიალური, პირველადი, მეორადი, მეორადი, მესამეული) და რეგრესის სხვადასხვა სტადიში (ატრეზიული სხეული, თეთრი სხეული).

საკვერცხე იკვებება საკვერცხის არტერიითა (a. Ovarica) და  საშვილოსნოს ატრერიის ტოტებით (r. Ovaricus). ვენური უკუდინება ხდება საკვერცხის ვენების საშუალებით (vv. Оvaricae).

ადამიანის საკვერცხეები მუშაობენ ციკლურად. განვითარების პროცესში ერთ ერთი ფოლიკული ხდება დომინანტური და თრგუნავს დანარჩენების მომწიფებას. დომინანტურ ფოლიკულში მწიფდება კვერცხუჯრედი. როცა ფოლიკული სრულყოფილად მომწიფდება, იგი სკდება და ოოციტი(კვერცხუჯრედი) გამოდის მუცლის ღრუში. ეს პროცესი არის ოვულაცია. შემდეგ ოოციტი მიიტაცება ფიმბრიებისა და სითხის ნაკადის მიერ (ქმნის ფალოპის მილების პერისტალტიკა) და ხვდება ფალოპის მილში, საიდანაც გადადის საშვილოსნოს ღრუში. თუკი ოვულაციამდე  3დღის პერიოდში (სპემატოზოიდების სიცოცხლის ხანგრძლივობა) და ოვულაციიდან 1დღის მანძილზე (კვერცხუჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობა) ქალს ექნება ვაგინალური სქესობრივი აქტი მამაკაცთან, რასაც თან მოჰყვება სიცოცხლისუნარიანი სპერმატოზოიდების მოხვდერა საშოში, მაშინ სავარაუდოდ ოოცოტის განაყოფიერება მოხდება ფალოპის მილში (ან მუცლის ღრუში – საშვილონოს გარე ორსულობა). განაყოფიერების შემდეგ უკვე მიგრირებს ემბრიონი.

გამსკდარი ფილიკული განიცდის ტრანსფორმაციას ყვითელ სხეულად, რომელიც იწყებს პროგესტინების სინთეზს. საშუალოდ 14 დღეში ყვითელი სხეული გაიწოვება, რის შედეგადაც პროგესტინების კონცენტრაცია მკვეთრად ეცემა და დგება მენსტრუაცია. მენსტრუაციის შემდეგ ფოლიკული იწყებს მომწიფებას და პროცესი მეორდება.

საკვრეცხის დანამატები

საკვერცხის დანამატები (epoophoron) – მეზონეფრული სადინრის ნარჩენი, რომელიც საკვერცხესთან და ფალოპის მილებთან ახლოს მდებარეობს. წარმოადგენს 10-15 განივი
სადინრისაგან, ან მილაკისაგან შემდგარ სტრუქტურას.

საკვერცხისახლო დანამატები (paroophoron) – მცირე ზომის მოყვითალო ფერის კვანძი, რომელიც აგრეთვე მდებარეობს ფალოპის მილებთან ახლოს.

About these ads