საშვილოსნო

ქალის საშვილოსნო და საკვერცხეები: 1- ფალოპის მილის ხვრელი (ostium uterinum salpingis);  2, 5, 6- ფალოპის მილი (tuba uterina);  8, 9, 10- საკვერცხე (ovarium);  13- საშვილოსნოს ღრუ (cavitas uteri);  12, 14- სისლხძარღვები (vasa uteri);  11- საშვილოსნოს მრგვალი იოგი (ligamentum teres uteri);  16, 17- საშვილოსნოს კედელი;  18- საშვილოსნოს გარეთა ხვრელი (ostium externum uteri);  15- საშვილოსნოს ყელის საშოსეული ნაწილი (pars vaginalis cervicis uteri);  19-საშვილოსნოს ყელის არხი (canalis cervicalis); 20 –  საშვილოსნოს ყელი (cervix uteri);  21- საშვილოსნოს განიერი იოგი (ligasmentum transversa uteri).

საშვილოსნო (ლათ. Uterus, ბერძ.  ὑστέρα) – კენტი გლუვკუნთოვანი ორგანოა, რომელშიც ვითარდება ემბრიონი, იზრდება ნაყოფი. საშვილოსნო მცირე მენჯის ღრუს შუა ნაწილში მდებარეობს მეზოპერიტონეულად, შარდის ბუშტის უკან და სწორი ნაწლავის წინ. ქვევით საშვილოსნო გადადის მომრგვალებულ ნაწილში – საშვილოსნოს ყელში. რეპროდუქციული ასაკის ქალის საშვილოსნოს სიგრძე საშუალოდ 7-8სმ-ია, სიგანე – 4სმ, სისქე – 2-3სმ. საშვილოსნოს მასა არანამშობიარევ ქალებში 40-დან 50 გ-მდე მერყეობს, ხოლო ნამშობიარევში – 80გ-ს აღწევს. მსგავსი ცვლილებები ხდება ორსულობისას კუნთოვანი გარსის ჰიპერტროფიის გამო. საშვილოსნოს ღრუს მოცულობა 5-6სმ 3 -ია.

საშვილოსნო, როგორც ორგანო მნიშველოვანწილად მოძრავია და მეზობელი ორაგანოების მდებარეობის და მიხედვით სხვადასხვა პოზიცია ეჭიროს. ნორმაში საშვილოსნოს სიგრძივი ღერძი მიმართულია მენჯის ღერძის პარალელურად.

საშვილოსნოს მნიშვნელოვანი ნაწილი პერიტონეუმით არის დაფარული, გამონაკლისია საშვილოსნოს ყელის  საშოსეული ნაწილი ნაწილი.

საშვილოსმოს მსხლის ფორმა აქვს, გაბრტყელებულია დორსო-ვენტრალურ (წინა-უკანა) მიმართულებით. საშვილოსნოს კედლის შრეები გარედან შიგნით: პერიმეტრიუმი, მიომეტრიუმი და ენდომეტრიუმი.

საშვილოსნოს ნაწილები

საშვილოსნო შედგება შემდეგი ნაწილებისაგან:

  •   საშვილოსნოს ფუძე – ეს საშვილოსნოს ზემო გამობურცული ნაწილია, რომელიც საშვილოსნოს ღრუში ფალოპის მილების შესვლის ღერძის ზემოთ მდებარეობს.
  •   საშვილოსნოს სხეული – შუა ნაწილი, რომელიც კონუსის ფორმისაა.
  •   საშვილოსნოს ყელი – ქვედა შევიწროებული ნაწილი.

საშვილოსნოს ყელის ქვედა ნაწილი უკავშირდება საშოს – საშოსეული ნაწილი. იგი შეიცავს საშვილოსნოს ხვრელს, რომლითაც საშო უკავშირდება საშვილოსნოს ღრუს. არანამშობიარევ ქალებში საშვილოსნოს ღრუს მრგვალი ან ოვალური ფორმა აქვს, ხოლო ნამშობიარევ ქალებში – სიგრძივი არხის. საშილოსნოს ყელის საშოსეული ნაწილის გამსხვილებული ნაწილები (შემოსააზღვრავენ საშვილოსნოს გარეთა შესავალს) ბაგეებია – წინა და უკანა. უკანა ბაგე უფრო თხელია და საშვილოსნოს კედელი მას უმაგრდება უფრო მაღლა, ვიდრე წინა ბაგეს.

საშვილოსნოს ზედაპირები

საშვილოსნოს წინა და უკანა ზედაპირები აქვს. წინა ზედაპირი მიმართულია შარდის ბუშტისკენ ( ბუშტისმხრივი ზედაპირი), ხოლო უკანა მიმართულია სწორი ნაწლავისაკენ ( ნაწლავისეული ზედაპირი). საშვილოსნოს უკანა და წინა ზედაპირები ერთმანეთისაგან გამოყოფილნი არიან გვერდითი კიდეებით, რომელთაც საშვილოსნოს ფუძის სხეულში გადასვლის ადგილას უერთდება ფალოპის მილები.

საშვილოსნოს აგებულება

საშვილოსნოს შედგება შემდეგი შრეებისაგან:

  • პერიმეტრიუმი (სეროზული გარსი) – წარმოადგენს შარდის ბუშტის მფარავი სეროზული გარსის უშუალო გაგრძელებას. წინა და უკანა ზედაპირების დიდ ნაწილში და საშვილოსნოს ფუძესთან მჭიდროდ ეკვრის მიომეტრიუმს, ყელის მიდამოდან კი ფაშრად.
  • მიომეტრიუმი (კუნთოვანი გარსი)- საშვილოსნოს შედარებით სქელი შრე, შედგება გლუვკუნთოვანი მუსკულატურის სამი შრისგან. გარდა ამისა შეიცავს ბოჭკოვან შემაერთებელ ქსოვილსა და ელასტიურ ბოჭკოებს.
    • გარეთა სიგრძივი (სეროზულქვეშა) – სიგრძივად განლაგებული და  მცირე რაოდენობით ცირკულარული ბოჭკოები, მჭიდროდ მიკრული სეროზული საფარველით.
    • შუა ცირკულარული – ყველაზე მძლავრი შრე, შედარებით ძლიერად არის განვითარებული ყელის მიდამოში. იგი შედგება წრიულად და ირიბად განალგებული კუნთოვანი ბოჭკოებისაგან. ამ შრეში დიდ რაოდენობითაა სისხლძარღვები (უპირატესად ვენები), ამოტომაც მას სისხლძარღვოვანი გარსის სეხელითაც ხშირად მოისენიებენ.
    • შიგნითა სიგრძივი (ლორწქვეშა) - ყველაზე თხელი და სიგრძივი კუნთოვანი ბოჭკოებისაგან წარმოდგენილი შრე.
    • ენდომეტრიუმი (ლორწოვანი გარსი) –  წარმოდგენილია ზედაპირისა და ჯირკვლების მფარავი ცილინდრული ეპითელიუმითა და მიომეტრიუმთან დაკავშირებული შემაერთებელი ქსოვილის საკუთარი ფირფიტით. აქ წარმოდგენილი ჯირკვლების ნაწილები შესაძლოა აღწევდნენ მიომეტრიუმს. სეკრეტორულ უჯრედებს შორის მიმოფანტულია წამწამოვანი ცილინდრული უჯრედები.

ენდომეტრიუმი შედგება ორი შრისგან: ზედაპირული (ე.წ. ფუნქციური) და უფრო ღრმად მდებარე ბაზალური შრე.

საშვილოსნოს ყელი

საშვილოსნოს შედარებით ვიწრო ნაწილია, წარმოდგენილი კოლაგენური ბოჭკოებით, ძალიან მცირე რაოდენობით გლუვკუნთოვანი უჯრედებისა და ელასტიური ქსოვილისაგან. ყელის არხი დაფარულია მაღალი ცილინდრული ეპითელიუმით (აწარმოებს ლორწოს) და მის ქვეშ შემაერთებელქსოვილოვანი საკუთარი ფირფიტა მდებარეობს, რომელიც თავის მხრივ წარმოადგენს უჯრედების შემცველ ფიბროზულ შემაერთებელ ქსოვილს. არხის წინა და უკანა კედელზე წარმოდგენილია ორი შემაღლება, საიდანაც მართი კუთხით გამოდიან ლორწოვანის ნაოჭები. გარდა ამისა აქ დიდი რაოდენობითაა წარმოდგენილია დატოტვილი მილაკოვანი ჯირკვლები. ყელის საშოსეული ნაწილი დაფარულია გაურქოვენებელი ეპითელიუმით, რომელიც შემდეგ გადადის ცილინდრულ ეპითელიუმში.

საშვილოსნოს იოგები

  1. საშვილოსნოს ფუძე;
  2. საშვილოსნოს ღრუ;
  3. საშვილოსნოს მრგვალი იოგი;
  4. საშვილოსნოს არტერია;
  5. საშვილოსნოს შესავალი;
  6. საშო;
  7. საშვილოსნოს ყელი;
  8. საშვილოსნოს ყელის არხი;
  9. გარდამავალი ადგილი ყელსა და საშვილოსნოს ღრუს შორის;
  10. საშვილოსნოს განიერი იოგი;
  11. საკვერცხე;
  12. ფალოპის მილის ძაბრისებრი გაგაბიერება;
  13. ფალოპის მილის ამპულა;
  14. საკვერცხის საკუთარი იოგი;
  15. ფალოპის მილის ყელი.

საშვილოსნოს გვერდით ზედაპირებზე პეროტონეუმის ფურცლები ერთმანეთს უახლოვდებიან და ქმნიან მარჯვენა და მარცხენა განიერ იოგებს. ეს იოგები მიემართებიან მცირე მენჯის გვერდითი კედლებისაკენ და გადადიან პარიეტალურ (კედლისამყოლ) პერიტონეუმში. საშვილოსნოს იოგების ზემო თავისუფალ ნაწილში გადიან ფალოპის მილები. საშვილოსნოს გვერდით კედელზე საკვერცხის საკუთარი იოგის მიმაგრების ქვემოთ წინა გვერდითი ზედაპირიდან სათავეს იღებს საშვილოსნოს მრგვალი იოგი. ეს არის 3-5მმ-ს სისქის ფიბროზული ჭიმი, რომელიც შეიცავს კუნთოვან კონებსაც. მრგვალი იოგი მიემართება ქვევით და წინ საზარდულის ღრმა არხისაკენ და გაივლის რა მას, გამოდის ცალკეული ფიბროზული კონების სახით ერთვება ბოქვენის შემაერთებელ ქსოვილში.

სისხლძარღვები და ნერვები

საშვილოსნოს კვება ხორციელდება წყვილი საშვილოსნოს არტერიით, თეძოს შიგნითა არტერიის ტოტებით. საშვილოსნოს თითოეული არტერია გადის საშვილოსნოს გვერდით  ზედაპირებზე, საშვილოსნოს განიერი იოგების სისქეში, ამავდროულდა იძლევიან ტოტებს საშვილოსნოს წინა და უკანა ზედაპირებს. ფუძესთან საშვილოსნოს არტერია იყოფა ფალოპის მილებისა და საკვერცხისკენ მიმავალ ტოტებად. ვენური სისხლი გაედინება მარჯვენა და მარცხენა ვენური წნულით, საიდანაც სათავეს იღებენ საშვილოსნოს ვენა და საკვერცხის ვენები, თეძოს ვენები და სწორი ნაწლავის ვენური წნული.

ლიმფური ძარღვები საშვილოსნოს ფუძიდან მიემართებიან წელის ლიმფური კვანძებისაკენ, საშვილოსნოს სხეულიდან და ყელიდან კი – თეძოს შიგნითა ლიმფური კვანძებისაკენ, აგრეთვე გავისა და საზარდულის ლიმფური კვანძებისაკენ.

ინერვაციას ახორციელებს წელისა და მენჯის წნულები.

ფუნქციები

შვილოსნობის პროცესში საშვილოსნო თანმიმდევრულად ასრულებს სამ ფუნქციას:

  • მენსტრუალურს, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის  და, განსაკუთრებით, ლორწოვანი გარსის  მშობიარობისათვის მოსამზადებლად;
  • ნაყოფის განთავსების ფუნქციას, ქმნის რა მისი განვითარებისათვის საჭირო ოპტიმალურ პირობებს;
  • ნაყოფის გამოდევნის ფუნქციას მშობიარობის დროს.