საშოს გამორეცხვა

საშოს გამორეცხვა არის პროცედურა, რომელიც გამოიყენება ჰიგიენური ან სამედიცინო მიზნებისთვის და გულისხმობს საშოს ღრუს წყლით ან სხვა ნივთიერებით გამორეცხვას. გამორეცხვის დროს შეიძლება გამოიყენებოდეს ოყნის მოწყობილობა, ასევე სპეციფიური მოწყობილობა, რომელიც სპეციალურად საშოს გამორეცხვისთვის მზადდება. 

ნაწლავების ოყნის  გამოყენება გამორეცხვისთვის არ არის რეკომენდირებული, საშოს კედლების ნაწლავური ფლორით დაინფიცირების რისკის გამო.

გამორეცხვის პროცესის აღსანიშნავად გამოიყენება სიტყვა დუში, რომელიც  ადამიანის ნებისმიერი ბუნებრივი ღრუს გამორეცხვას ნიშნავს, თუმცა დღეისთვის მას შხაპის სინონიმად იყენებენ.

გამორეცხვის დროს შეიძლება გამოიყენებოდეს წყალი, ძმარი (წყალში გაზავებული), ანტისეპტიკური ხსნარი ან სხვა ნივთერება.

ექიმების ნაწილის მოსაზრებით გამორეცხვას მრავალი სარგებლის მოტანა შეუძლია (თუმცა ეფექტურობა დამტკიცებული არ არის)   საშოს გაწმენდა, უსიამოვნო სუნის გაქრობა, ანთებითი პროცესების შეჩერება,  ასევე გამორეცხვა  გამოიყენება ზოგ შემთხვევაში როცა წყვილს  სურს მენსტრუაციის დროს სექსი და არ უნდათ სისხლთან კონტაქტი.  ადრე გამორეცხვა გამოიყენებოდა სქესობრივი აქტის შემდგომ, როგორც კონტრაცეპტიული საშუალება, თუმცა ეს მეთოდი არა ეფექტურია.

დღეისთვის მეცნიერების დიდი ნაწილი მიიჩნევს, რომ გამორეცხვა არათუ არაეფექტურია, არამედ ზიანის მომტანია , ვინაიდან გამორეცხვამ შეიძლება გამოიწვიოს დისბალანსი საშოს ნორმალური ფლორასა და პათოგენურ ფლორას შორის, ასევე  ხელს უშლის საშოს ნორმალურ თვითგაწმენდის პროცესს და შეიძლება ხელი შეუწყოს ინფექციის გავრცელებასაც კი.  ამერიკის ჯანმრთელობის  დაცვის დეპარტამენტი მკვეთრად ეწინააღმდეგება   გამორეცხვის გამოყენებას.   გამორეცხვამ შეიძლება გამოიწვიოს სხვადასხვა ინფექციები და დაავადებები: ბაქტერიული ვაგინოზი, მენჯის ანთებითი დაავადებები, შეიძლება გამოიწვიოს საშოს Ph – ის ცვლილება, ხელი შეუწყოს სხვადასხვა ინფექციებს, განსაკუთრებით სოკოსგან გამოწვეულ ანთებით პროცესებს.   2003 წელს რანდომიზებული, კონტროლირებადი მულტიცენტრული კვლევით დადგინდა, რომ გამორეცხვის რეგულარული გამოყენება მცირედით ზრდის მენჯის ანთებითი დაავადებების განვითარების რისკს.

გამორეცხვის შედეგად ბაქტერიები შეიძლება მოხვდნენ საშვილოსნოში და მილებში და იქ გამოიწვიონ  ანთებით პროცესები.

სექსის შემდგომ გამორეცხვის გამოყენება 15-25 % ით ამცირებს დაორსულების ალბათობას , თუმცა ეს მაჩვენებელი არ არის სახარბიელო, ვინაიდან კონდომის სწორად გამოყენება 97 % ით ამცირებს დაორსულების შანსს.  რეგულარული გამორეცხვების გამოყენება მცირედით ზრდის ექტოპიური ორსულობების (საშვილოსნოს გარე) რისკსაც.