სარძევე ჯირკვალი

1. სარძევე ჯირკვლის სხეული; 2. არეოლა; 3. დვრილი.

სარძევე ჯირკვალი ძუძუმწოვრების კლასის თავისებურებას წარმოადგენს. იგი ქალის მეორადი სასქესო ნიშანია. სარძევე ჯირკვალი სახეშეცვლილი ოფლის ჯირკვალია. ადამიანში სარძევე ჯირკვალი აქვს როგორც ქალს, ასევე მამაკაცს. თავისი სტრუქტურით ისინი იდენტურია, განსხვავება მხოლოდ განვითარების ხარისხია. სქესობრივი მომწიფების პერიოდამდე გოგონას და ბიჭუნას სარძევე ჯირკვლები არაფრით არ განსხვავდება.

ანატომია

 

  1. გულმკერდის კედელი;  2. მკერდის კუნთები;  3. სარძევე წილი;  4. სარძევე ჯირკვლის დვრილი;  5. არეოლა;  6. სარძევე სადინარი;  7. ცხიმოვანი ქსოვილი;  8. კანი.

სარძევე ჯირკვალი (ლათ.glandula mammaria или mamma) – წყვილი ორგანოა, რომლებიც კანის აპოკრინულ (ჯირკვალი, რომელიც სეკრეციის დროს ციტოპლაზმის ნაწილს გამოყოფს სადინარში) ჯირკვლებს მიეკუთვნება.

სქესობრივად მომწიფებული ქალის სარძევე ჯირკვლები ორი სიმეტრიულ ბორცვისებრი შემაღლებაა. მდებარეობს გულმკერდის წინა ზედაპირზე მე-3 და მე-6, ან მე-3 და მე-7 ნეკნებს შორის. სარძევე ჯირკვალი მეტწილად მიმაგრებულია მკერდის დიდ კუნთზე (m. pectoralis major) და ნაწილობრივ წინა დაკბილულ კუნთზე (m. serratus anterior). გარეთა მხრიდან სარძევე ჯირკვლებს შორის არის ჩაღრმავება, ღარი (sinus mammarum).

სარძევე ჯირკვლის შუა ნაწილს ოდნავ ქვემოთ, დაახლოებით მეოთხე ნეკნთაშუა სივრცის, ან მეხუთე ნეკნის დონეზე, ზედაპირზე არის შემაღლება – სარძევე ჯირკვლის დვრილი (papilla mammae). როგორც წესი, არანამშობიარევ ქალებში დვრილს კონუსისებრი ფორმა აქვს, ნამშობიარევ ქალებში კი ცილინდრისებრი და გარშემორტყმულია 3-სმ-იანი არეოლით. არეოლა და სარძევე ჯირკვლის დვრილის კანი სხეულის დანარჩენ კანთან შედარებით ჰიპერპიგმენტირებულია. ორსულობის დროს დვრილის პიგმენტაცია ძლიერდება. სქესობრივი აგზნების დროსა და ოვულაციის დროს აღინიშნება დვრილის მომატებული ეროგენობა და მგრძნობელობა. დვრილის ერექციის საფუძველი მის შიგნით არსებული კუნთების შეკუმშვაა და კლიტორის ერექციისგან განსხვავებით სისხლის მიმოქცევას არ უკავშირდება. დვრილისახლო მიდამოში წარმოდგენილია მცირე რაოდენობით რუდიმენტული სარძევე ჯირკვლები (მონტგომერის ჯირკვლები – glandulae Montgomerii, რომლებიც ოდნავ შესამჩნევ შემაღლებას ქმნიან). სარძევე ჯირკვლის დვრილი დაფარულია ნაოჭებით. დვრილის მწვერვალზე მცირე ფორებია – სარძევე ფორები (pori lactiferi), რომლებიც სარძევე წილებიდან მომავალი (lobi mammae) სარძევე სადინრების (ducti lactiferi) კანზე გამოსასვლელს წარმოადგენენ. სარძევე სადინრების დიამეტრი 1,7-დან2,3მმ-მდეა. ზოგიერთი სადინრები ერთდება და, შესაბამისად, სადინრების რიცხვი ფორების ფიცხვს არ ემთხვევა ხოლმე (ფორების რიცხვი 8-დან 15-მდეა).

 სარძევე ჯირკვლის დვრილი

სარძევე ჯირკვალი შემოსაზღვრული ცხიმოვანი ქსოვილით (capsula adiposa mammae). სარძევე ჯირკვლის სხეული (საკუთრივ ჯირკვალი) შედგება 15-20 ერთმანეთისგან შემაერთებელი ქსოვილით გამოყოფილი კონუსისებრი წილისაგან, რომლებიც განლაგებულნი არიან დვრილის ირგვლივ რადიალურად მწვერვალით მისკენ. თითოეული წილი, თავის მხრივ, უფრო მცირე წილაკებს (lobuli mammae) შეიცავს. წილაკები შედგებიან 0,05-0,07 მმ დიამეტრის ალვეოლებისაგან.

სისხლმომარაგება ხორციელდება ძირითადად გულმკერდის შიგნითა (a. Thoracica interna) და გულმკერდის გვერდითი არტერიებით (a. Thoracica lateralis).

ფორმა და ზომა

მკერდის ზომა და ფორმა ინდივიდუალურია. განსხვავება ქალის მკერდის ზომებს შორის კანქვეშა ცხიმოვანი ქსოვილის სისქით არის განპირობებული. მკერდის ფორმა (მდგომარე, ან ჩამოკიდებული) ისაზღვრება იმ შემაერთებელქსოვილოვანი კაფსულის სიმტკიცით, რომელშიც მდებარეობს სარძევე ჯირკვალი. შესაბამისად, ქალის მკერდის ფორმა და ზომა გავლენას არ ახდენს ლაქტაციის (ძუძუთი კვების) პროცესზე, თუმცა კი დიდი მნიშვენელობა აქვს სექსუალური მიმზიდველობის თვალსაზრისით. მკერდის ზომა, ჩვეულებრივ, გამოიყენება ბიუსტჰალტლერის შერჩევის დროს. მკერდის საშუალო სტატისტიკური ზომა 80სმ-ა (გარშემოწერილობის მიხედვით). მარცხენა მკერდი მარჯვენასთან შედარებით ოდნავ დიდია.

ცვლილებები ორსულობისა და ლაქტაციის დროს

მენსტრუალური ციკლის დროს სარძევე ჯირკვალი ექვემდებარება ციკლურ ცვლილებებს, თუმცა კი უფრო გამოხატული ცვლილებები ორსულობის დროს ხდება. სარძევე ჯირკვლის სიგანე საშუალოდ 10-12სმ-ია, სისქე კი 2-3სმ. არანამშობიარევ ქალებში მისი წონა 150-200გ-ის ფარგლებში მერყეობს.

ორსულობის უკვე მეორე კვირაზე შესამჩნევი ცვლილებები იწყება. არეოლა ზომაში იმატებს და პიგმენტაცია მკვეთრდება. საკუთრივ სარძევე ჯირკვალი მშობიარობამდე მატულობს მოცულობაში. ლაქტაციის დროს ჯირკვლის მასა 300-900გ-მდე იზრდება. ორსულობოს პერიოდში სარძევე სადინრებიდან გამოიყოფა ხსენი (ლათ. colostrum gravidarum), რომელიც დროთა განმავლობაში იცვლის თვისებებს და ემსგავსება რძეს. მშობიარობის შემდეგ პირველ დღეებში გამოიყოფა გარდამავალი რძე (ლათ.colostrum puerperarum), რომელიც ქალის ჩვეულებრივ რძეზე უფრო სქელი და ყვითელია. ნორმალური ქალის რძე (ლათ. lac femininum) თეთრი ან მოცისფრო-მოთეთრო უსუნო სითხეა ოდნავ მოტკბო გემოთი, ცხიმიანობა დაახლოებით 4%-ია. ქალის რძეში არის ახალშობილისთვის საჭირო მარილები და მიკროელემენტები. ლაქტაციის ბოლოს სარძევე ჯირკვალი ზომაში მცირდება, თუმცა ორსულობამდელ ზომას არ უბრუნდება.

პათოლოგიური და  პარაფიზიოლოგიური მდგომარეობები

ენდოკრინოლოგიური დარღვევების დროს ზრდასრულ მამაკაცებს აღენიშნებათ მკერდის გადიდება – გინეკომასტია. ახალშობილის სარძევე ჯირკვალს ასევე შეუძლია რძის სეკრეცია (ახალშობილების რძე, ლათ. lac neonatorum), ეს პარაფიზიოლოგიური მდგომარეობაა და მას საფუძვლად დედის ორგანიზმიდან ჰორმონების გადმოსვლა უდევს.