სექსუალური პრობლემები


ადამიანის ნორმალური სექსუალური ფუნქცია წარმოდგენილია სექსუალური ციკლით, რომელიც ოთხი ძირითადი კომპონენტისგან შედგება:  1) სურვილი (სუბიექტური სიამოვნების განცდა);  2) აგზნება;  3) ორგაზმი;  4) რეზოლუცია.  შეიძლება დაირღვეს ამ პროცესებიდან ერთ-ერთი მათგანი ან რამოდენიმე.

როდესაც ირღვევა ადამიანის ნორმალური სექსუალური ფიზიოლოგია, საქმე გვაქვს  ამ კუთხით განვითარებულ პრობლემებთან, სექსუალურ დისფუნქციასთან.

დარღვევები შეიძლება იყოს ცხოვრების მთელი  განმავლობაში არსებული ან შეძენილი, შეიძლება გამოწვეული იყოს ფსიქოლოგიური ან ფიზიოლოგიური ფაქტორების დარღვევის.

სექსუალური დისფუნქცია 7–ძირითად კატეგორიათ იყოფა თანამედროვე DSM-IV (მენტალური აშლილობების დიაგნოსტიკური და სტატისტიკური სახელმძღვანელო ) კლასიფიკაციით:

სექსუალური სურვილის აშლილობები, სექსუალურ აგზნებასთან დაკავშირებული აშლილობები, ორგაზმთან დაკავშირებული აშლილობები, სექსუალური ტკივილის აშლილობები, სექსუალური დისფუნქცია გამოწვეული ზოგადი სამედიცინო მდგომარეობებით, წამლებით გამოწვეული სექსუალური დისფუნქციები, სხვა დანარჩენი სექსუალური დისფუნქციები.

სექსუალური პრობლემები შეიძლება იყოს სიმპტომური, ბიოლოგიური (ბიოგენური), ინტრაფსიქიკური, ინტერპერსონალური (ფსიქოგენური), ან კომბინირებული ამ ფაქტორების თანხვედრით.

სურვილთან დაკავშირებული პრობლემები

ამ ჯგუფის პრობლემებში ძირითადად ორი სახის დარღვევებს ვხვდებით. პირველია  სექსუალური სურვილების არარსებობა და ფანტაზიები, საქმე გვაქვს სურვილის ჰიპოაქტიურ სექსუალურ მდგომარეობასთან.  მეორე სახის დარღვევები გამოიხატება სექსუალური არაკეთილგანწყობით კოიტუსის (სქესობრივი აქტი) და მასტურბაციის მიმართ. სექსუალურ სურვილთან დაკავშირებული აშლილობები ახასიათებთ ძირითადად ქალებს და ეს მოვლენა ქალების დაახლოებით 20-% ში გვხვდება. თუმცა სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა სტატისტიკური მაჩვენებელია.

მამაკაცებში, სექსუალური სურვილების არქონის მიზეზი მრავალი ფაქტორი შეიძლება იყოს. მათ შორის მნიშვნელოვანია სექსის ქვეცნობიერი შიში, რომლისგან თავის დაცვასაც სურვილის დეფიციტით ცდილობენ.  ფროიდი სექსუალური სურვილის დაბალ დონეს განიხილავს,  როგორც ფალოსური ფსიქოსექსუალური ფაზის დათრგუნვის შედეგს, აგრეთვე უკავშირებს  ოიდიპოსის კომფლიქტის დაუსრულებლობას და გადაუჭრელობას. ფროიდის შეხედულებით ასეთი მამაკაცები არიან დარჩენილი ფსიქოსექსუალური განვითარების  ფალოსის ეტაპზე და მათ აქვთ შიში ვაგინასთან შეხების, ფიქრობენ, რომ თუ ექნებათ კონტაქტი ვაგინასთან, მოხდება მათი კასტრაცია. ფროიდი მიიჩნევდა, რომ ასეთ დროს ადამიანებს ქვეცნობიერად სჯერათ, რომ ვაგინას აქვს კბილები და სწორედ ამიტომ არიდებენ თავს ქალის გენიტალიებთან კონტაქტს. თუმცა სურვილის დათრგუნვის მიზეზი ხშირად ძალიან მარტივია და შეიძლება უკავშირდებოდეს ქრონიკულ სტრესულ მდგომარეობას, პანიკურ აშლილობებს, ან დეპრესიას.

სექსუალური იმპულსების შესუსტების  ერთ-ერთ მთავარ მიზეზად განიხილება  ხანგრძლივი დროის მანძილზე სექსისგან თავშეკავება. ისევე როგორც სექსუალური სურვილების გაქრობა, ხშირ შემთხვევაში წყვილებს შორის უთანხომების და შეუთავსებლობის, ან ურთიერთობის გაუარესების ნიშანია.

სექსუალური აგზნების აშლილობები

სექსუალური აგზნების პრობლემები იყოფა ორ ძირითად კატეგორიად. პირველს მიაკუთვნებენ ქალების აგზნების დარღვევას, რაც გამოიხატება იმით, რომ სექსუალური აქტის დაწყებიდან მის დასრულებამდე არ ხდება საშოს ლუბრიკაცია და აგზნება. შეიძლება არსებობდეს ლუბრიკაცია და ფიზიოლოგიური აგზნების ნიშნები სხეულზე, თუმცა არ არსებობდეს აგზნების და სიამოვნების სუბიექტური განცდა, აგრეთვე შეიძლება არსებობდეს საპირისპირო შემთხვევებიც. ქალების აგზნება საკმაოდ მჭიდრო კავშირშია ჰორმონულ მდგომარეობასთან.  გარკვეული კატეგორია განიცდის სექსუალურ აგზნებას, უშუალოდ მენსტრუაციის დაწყების წინ, სხვები  ოვოლუციის პერიოდში, ზოგი კი მენსტრუაციის დამთავრებისთანავე.

განსაკუთრებით აღსანიშნავია ჰორმონების, ესტროგენების, ტესტოსტერონის, პროლაქტინის და თიროქსინის დონეების ცვლილებები ორგანიზმში და მათი გავლენა სექსუალურ აგზნებაზე.  აგრეთვე ანტიჰისტამინური და ანტიქოლინერგულმა პრეპარატებმა შეიძლება გამოიწვიონ აგზნების დარღვევები და ლუბრიკაციის შემცირება ქალებში.

მეორე კატეგორიაში გაერთიანებულია მამაკაცების აგზნებასთან დაკავშირებული პრობლემები, რომლის მთავარი მახასიათებელიც არის ერექციის სრული ან ნაწილობრივი არქონა.  ერექციასთან დაკავშირებულ პრობლემებს იმპოტენციასაც ეძახიან. არსებობს იმპოტენციის შეძენილი და “თანდაყოლილი” ფორმები, პირველის დროს, ადამიანს თავისი ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე ჰქონია სრულფასოვანი ერექცია, ხოლო მეორე შემთხვევაში პერსონას არასდროს ჰქონია ისეთი დონის ერექცია, რომ შესაძლებელი გამხდარიყო კოიტუსი.


აგრეთვე არსებობს შემთხვევები, როცა ადამიანს გარკვეულ სიტუაციებში, ან სექსუალურ პარტნიორთან აქვს ერექციასთან დაკავშირებული პრობლემები, მაგ, კაცი, რომელსაც ჩვეულებრივ აქვს სექსი პროსტიტუტებთან, არ შეუძლია კოიტუსი საკუთარ ცოლთან.

იმპოტენცია საკმაოდ გავრცელებულია, იგი მამაკაცთა დაახლოებით 10-20 % -ში გვხვდება.

ორგაზმის დარღვევები

ქალებში საკმაოდ ხშირად გვხვდება ანორგაზმია (ორგაზმის არ ქონა) ან დაგვიანებული ორგაზმი, ამ დროს რეალურ დროში არ ხდება ორგაზმი,  აგრეთვე ხშირად ასეთ ქალებს უჭირთ ორგაზმის განცდა მასტურბაციით და კოიტუსით.

Kinsey -ის კვლევების მიხედვით დაქორწინებული ქალების 5%- ცხოვრების განმავლობაში ორგაზმი არასდროს განუცდია.

დაუქორწინებელ ქალებში ეს რიცხვი მკვეთრად იზრდება. ქალების თითქმის 50% ახალგაზრდობაში ორგაზმთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ.

მამაკაცების ორგაზმის დარღვევა კი გამოიხატება ეაკულაციის არ ქონით, ან ძალიან გახანგრძლივებული დროის შემდეგ ეაკულაციით.

მამაკაცებში ორგაზმის პრობლემები საკმაოდ იშვიათად გვხვდება, აქ უფრო გავრცელებულია ნაადრევი ეაკულაცია  და იმპოტენცია.

ორგაზმის პრობლემები მამაკაცებში საშუალოდ 3-5 %ში გვხვდება.

რეზოლუციის ფაზის აშლილობები

სქესობრივი აქტის შემდგომ პრობლემებს შორის ყველაზე  ხშირია დისკომფორტის შეგრძნება კოიტუსის შემდეგ და თავის ტკივილი.

თავის ტკივილი ჩნდება სექსის შემდეგ მალევე და შეიძლება გაგრძელდეს რამოდენიმე საათი. თავის ტკივილის მიზეზი უცნობია, შეიძლება სისხლძარღვოვან სპაზმთან იყოს დაკავშირებული.

მკურნალობა

რაც შეეხება სექსუალური აშლილობის მკურნალობის გზებს: 70-იან წლებიდან მკურნალობის ყველაზე გავრცელებულ მეთოდად მიჩნევაა ფსიქოთერაპიები, კლასიკური ფსიქოდინამიკის  თეორიები ეფუძნება იმ აზრს, რომ სექსუალური პრობლემების საწყისი ძირითადად ღრმა ბავშვობაშია. მკურნალობაც სწორედ ამ მხრივაა მიმართული, ხდება ანალიზი და მოძებნა იმ ქვეცნობიერი ფანტაზიების, სურვილების, კონფლიქტების, რომლებიც ადამიანში არსებობს.  ფსიქოთერაპევტი, ცდილობს მოხსნას ცნობიერს და ქვეცნობიერს შორის კონფლიქტი და სხვადასხვა ფანტაზიები ან მოტივაციები გახადოს ადამიანის ეგოსთვის მისაღები და ხელშესახები, ამ გზით მრავალი სექსუალური პრობლემის მოგვარებაა შესაძლებელი.

მკურნალობაში გამოიყენებენ აგრეთვე დუალ-სექს თერაპიებს,  რაც თავის თავში მოიაზრებს წყვილის მიერ ერთად შესწავლას და აღქმას საკუთარი და პარტნიორის სხეულებისას, ისინი ვარჯიშობენ ისწავლონ ერთმანეთისთვის სიამოვნების მინიჭება.

სპეციფიური ვარჯიშები და ტექნიკა – ეს მეთოდიც საკმაოდ გავრცელებულია, ამის საშუალებით შესაძლებელია ვუმკურნალოდ ისეთ ხშირ და პრობლემატურ მდგომარეობას, როგორიცაა ნაადრევი ეაკულაცია.

აგრეთვე სექსუალური აშლილობების სამკურნალოდ გამოიყენება ჰიპნოთერაპიები, ჯგუფური თერაპიები, ქცევითი თერაპიები,  ფსიქო ანალიზზე დაფუძნებული, თერაპიები. ბიოლოგიური მკურნალობა, რომელიც მოიცავს მკურნალობას წამლებით და  ქირურგიულ ოპერაციებით.