ბავშვთა სექსუალობა

ბავშვთა სექსუალობა ადამიანის სექსუალური განვითარების ასპექტია, რომელიც პირველ რიგში ითვალისწინებს ბავშვის სექსუალურ განვითარებას, განიხილავს რა ბავშვს ინდივიდად საზოგადოებაში.

ბავშვის სექსუალობის შესახებ ორი გავრცელებული თეორია არსებობს:

  • პირველი თეორია სექსუალობას განიხილავს, როგორც ბიოლოგიის შედეგს. შესაბამისად ამ თეორიის მიხედვით, სექსუალობა არ შეიძლება განსხვავებული ჰქონდეთ სხვადასხვა ერისა და კულტურის ადამიანებს. ბიოლოგიური ტენდენციები ბავშვის სექსუალობის განვითარებასთან დაკავშირებით ემთხვევა ყველა კულტურაში არსებული ჯანმრთელი ბავშვის განვითარების მოდელს;
  • მეორე თეორია სექსუალობას განიხილავს გარემოსა და საზოგადოების ზემოქმედების შედეგს. ამ თეორიის მიმდევრები ხშრად ხმარობენ ტერმინს ნორმა (კულტურის შესაფერისი) და ნორმიდან გადახრა (კულტურისთვის შეუფერებელი).

პირველად ბავშვთა სექსუალობა აღწერილი იქნა ზიგმუნდ ფროიდის მიერ წიგნში „სამი ნარკვევი სექსუალობის თეორიაზე“ (1905 წელი), სადაც მან გამოკვეთა ადამიანის განვითარების ფსიქოსექსუალური თეორია. ფროიდის თანახმად ბავშვი გადის ფსიქოსექსუალური განვითარების 5 საფეხურს:

  • ორალური ფაზა (0 – 1,5 წელი) – ბავშვის სექსუალობის პირველი ეტაპი, სადაც სიამოვნების ძირითადი წყაროა პირი (წოვისა და ყლაპვისა  დროს);
  • ანალური ფაზა (1,5 – 3,5 წელი) – ბავშვთა სექსუალობის მეორე სტადია, როცა ბავშვი სწავლობს დეფეკაციის აქტის კონტროლს. ამ დროს ბავშვი განიცდის სიამოვნებას საკუთარ სხეულზე კონტროლის მოპოვების გამო. ანალურ ფაზაში ჩნდება პრობლემები  ბავშვსა და მშობლებს შორის (მაგ, ბავშვი ჯიუტად აცხადებს უარს ქოთანში მოსაქმებაზე და დასვრის რა შარვალს, განიცდის სიამოვნებას მშობელზე „გამარჯვების“ გამო);
  • ფალოსური ფაზა (3,5 – 6 წელი) – ბავშვთა სექსუალობის მესამე ფაზა. ამ სტადიაში ბავშვი იწყებს საკუთარი სხეულის შესწავლას, ათვალირებს და ხელით ეხება თავის სასქესო ორგანოებს. მას უჩნდება ინტერესი საპირისპირო სქესის მშობლის მიმართ, ხდება იმავე სქესის მშობელთან იდენტიფიკაცია და განსაზღვრული სქესის ჩვევების ჩამოყალიბება. ამ სტადიის პრობლემური მიმდინარეობის შემთხვევაში ბავშვს უჩნდება ოიდიპოსის კომპლექსი (გაუცნობიერებელი ლტოლვა საპირისპირო სექსის მშობლისადმი და მსგავსი სქესი მშობლისადმი მტრული განწყობა);
  • ლატენტური ფაზა (6- 12 წელი) – ბავშვის სექსუალური განვითარების მეოთხე ფაზა, რომლის დროსაც მცირდება ბავშვის სექსუალური ინტერესი. ამ ეტაპზე ბავშვის ინტერესი მიმართულია შემეცნებითი საქმიანობისა და ახალი ნაცნობების შეძენისკენ;
  • გენიტალური ფაზა – მეხუთე სტადია, რომელიც მოიცავს ფროიდის ფსიქოსექსუალურ კონცეფციას. ამ ეტაპზე ყალიბდება ზრდასრული სექსუალური კავშირები.

უკანასკნელი ათწლეულების კვლევებმა აჩვენა, რომ ორგანიზმის ფუნქციები (მათ შორის სექსუალური ფუნქცია) ყალიბდება ჯერ კიდევ ბავშვობაში. ამ პერიოდის სექსუალობის ცოდნა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, ვინაიდან ზრდასრულ ასაკში სექსუალობის გამოვლენაზე მნიშვნელოვნად მოქმედებს.