ბისექსუალობა

სექსოლოგიური ენციკლოპედია განსაზღვრავს ბისექსუალობას (ლათ.bis – ორჯერ+სექსი), როგორც ინდივიდის ლტოლვას, იქონიოს სქესობრივი კონტაქტი ორივე სქესის წარმომადგენლებთან. ეს ტერმინი ადრე სხვა მნიშვნელობით იხმარებოდა, თანამედროვე შინაარსით ეს სიტყვა ზიგმუნდ ფროიდმა გამოიყენა. ამ პერიოდში გამოირკვა, რომ ადამიანის ემბრიონი საწყის ეტაპზე ჰერმაფროდიტია (უფრო ზუსტად კი, ემბრიონს გააჩნია საერთო ჩანასახი მდედრობითი და მამრობითი ორგანიზმისათვის). ამან მიიყვანა ფროიდი იმ დასკვნამდე, რომ ქვეცნობიერად ყველა ადამიანი ბისექსუალია. ბისექსუალურ ფანტაზიებში აისახება საკუთარი თავის ორივე სქესის წარმომადგენლად იდენტიფიცირების სურვილი. ამ დროს ადამიანს არა აქვს სურვილი სრულყოფილად ეკუთვნოდეს მდედრობით, ან მამრობით სქესს.

ზიგმუნდ ფროიდის შემდეგ მეცნიერებმა იგნორირება გაუკეთეს ბისექსუალობას, პრაქტიკულად არ ტარდებოდა კვლევები მასთან დაკავშრებით. 1950-იან წლებში სოციოლოგმა ალფრედ კინსმა მოახდინა ნამდვილი სექსუალური რევოლუცია. მან ჩაატარა ფართომასშტაბიანი კვლევა, რომლის ანალოგიც დღესაც კი არ მოიპოვება მსოფლიოში. კვლევის საგანი იყო „ვისთან აქვთ სექსი ადამიანებს და რა სურვილები აქვთ მათ“.

კვლევების შედეგად კინსმა გამოავლინა, რომ ორივე სქესისადმი ლტოლვა და ბისექსუალიზმი მეტად გავრცელებული იყო. აღმოჩნდა, რომ ქალების 28% და მამაკაცების 46% განიცდის ლტოლვას, ან უკვე ჰქონია ურთიერთობა თავისივე სქესის ადამიანთან. ამ კვლევის საფუძველზე გახდა შესაძლებელი, რომ ბისექსუალობა განეხილათ, როგორც ფსიქოლოგიური და არა ფიზიოლოგიური მოვლენა.

1979 წელს მასტერსმა და ჯონსონმა აღწერეს ბისექსუალების ქვეჯგუფი – ამბისექსუალები. ეს იყო ქალებისა და მამაკაცებისაგან შემდგარი ჯგუფი, რომლის წევრებისათვის სულ ერთი იყო პატნიორის სქესი. ბისექსუალობა და ამბისექსუალობა სხვადასხვა მოვლენაა: ბისექსუალობას საფუძვლად გარკვეულწილად მაინც უდევს პარტნიორის თვისებებისა და პიროვნებისადმი ლტოლვა, მაშინ როცა ამბისექსუალიზმი გულისხმობს უწესრიგო (არეულ-დარეულ) სქესობრივ კავშირებს.

იუტის უნუვერსიტეტის მეცნიერებმა დაამტკიცეს, რომ ბისექსუალობა ქალებში სექსუალური ორიენტაციის ცალკე სახეა და არ წარმოადგენს „საკუთარი თავის ძებნას“ და არც იმის მცდელობას, რომ ქალმა დამალოს თავისი ლესბოსური სექსუალური ქცევა.

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ბისექსუალობა შესაძლოა იყოს შუალედური სტადია სექსუალური ორიენტაციის ფორმირების დროს, ან წარმოადგენდეს „თავდაცვის“ საშუალებას, მაგ, ჰომოსექსუალის სურვილი მოახდინოს ჰეტეროსექსუალურ სამყაროში ადაპტირება.

დღევანდელი საზოგადოება საკმაოდ ტოლერანტულად არის განწყობილი ფსიქოსექსუალური ფუნქციების ნებისმიერი გამოვლინებისადმი.