სმეგმა (თეთრი ნადები პენისზე)

სმეგმა არის პენისის თავზე, ჩუჩის შიგნით წარმოქმნილი მოთეთრო ფერის ნადები, თუმცა შეიძლება სმეგმა განვითარდეს ქალების გენიტალიებზეც. სმეგმას შემადგენლობაში შედის: „აფცქვნილი“ ეპითელური უჯრედები, კანის მიერ გამომუშავებული ცხიმები და ტრანსუდატული სითხე.  სმეგმა ქალებში შეიძლება განვითარდეს კლიტორის მიდამოში, სასქესო (სასირცხვო) ბაგეების ნაოჭებში.

სმეგმა ნაწილობრივ ლუბრიკანტის როლს ასრულებს, ატენიანებს კანს და სექსუალური აქტის შემთხვევაში ამცირებს ხახუნის ძალას.  სმეგმა იქმნება ლორწოვანი გარსის ეპითელური უჯრედებისგან და ცხიმების დაგროვების შედეგად, თუმცა წარსულში ფიქრობდნენ, რომ   სმეგმას ასინთეზირებდა ცხიმოვანი ჯირკვლები პენისის ლაგამის მიდამოში, იგივე ტისონის ჯირკვლები, თუმცა უკანასკნელი კვლევებით არ მტკიცდება ტისონის ჯირკვლების არსებობა. სმეგმა შეცავს ცხიმებს, ცილებს, ეპითელური უჯრედების ნაწილებს, პროსტატის სეკრეტს, მცირე რაოდენობით ანდროგენებს,  მუცინს, ლიზოციმს.

სმეგმას წარმოქმნა იწყება ბავშვობის ასაკში, პიკს აღწევს 15-17 წლის ასაკისთვის და შემდეგ ასაკის მატებასთან ერთად მისი რაოდენობა თანდათანობით მცირდება.

სმეგმა გამოიხატება ბიჭებში პენისის თავზე თეთრი ნადების სახით, ის განსაკუთრებით სქელია, იმ შემთხვევაში თუ ადამიანი ვერ ან არ იცავს ჰიგიენის ნორმებს. სმეგმის დაგროვების მიზეზს შეიძლება წარმოადგენდეს გამოხატული ფიმოზიც.  სმეგმა, როგორც წესი რეგულარული დაბანვის შედეგად სცილდება კანს, ხოლო ჰიგიენის ნორმების დაუცველობის შემთხვევაში შეიძლება სმეგმა გახდეს მიზეზი ანთებითი პროცესებისა ასეთ შემთხვევაში შეიძლება გამოიხატებოდეს ქავილით  კანის სიწითლით, შეშუპებით, ძლიერი თეთრი ნადებით პენისზე და მისი მკვეთრი უსიამოვნო სუნით .