საშვილოსნოს ყელის პოლიპები


საშვილოსნოს ყელის პოლიპი კეთილთვისებიანი წარმონაქმნია, რომელიც მორფოლოგიურად ენდოცერვიქსის ქსოვილით არის წარმოდგენილი. პოლიპი შეიძლება იყოს ფართე საფუძველზე, ან ფეხზე.  ამ დაავადების მიზეზები, ისევე როგორც სხვა სიმსივნური პროცესებისა, არ არის ბოლომდე გარკვეული. პოლიპი შესაძლოა ყელის ნებიმიერ უბანში შეიძლება განვითარდეს, თუმცა ყველაზე ხშირი გარეთა ხვრელის მიდამოში.

პოლიპების ჩამოყალიბებაზე მეტნაკლებად გავლენას ახდენს:

  • ჰორმონალური ცვლილებები;
  • ქრონიკული ანთებითი დაავადებები;
  • მექანიკური ტრავმები.

საშვილოსნოს ყელის პოლიპები ძირითადად მიმდინარეობენ უსიმპტომოდ და გამოვლინდება შემთხვევით გამოკვლევისას. იშვიათად ქალს აწუხებს დისკომფორტის შეგრძნება მუცლის ქვედა არეში, გამონადენი საშოდან სექსის დროს – კონტაქტური სისხლდენა.

პოლიპების არსებობისას შედარებით ხშირი კლინიკური სიმპტომია სისხლდენა:

  • მენსტრუაციის პერიოდში;
  • მენოპაუზის შემდეგ;
  • სექსის შემდეგ;
  • აბაზანის მიღების შემდეგ.

ვიზუალური დათვალიერებისას აღინიშნება საშილოსნოს ყელის გადიდება, მოლურჯო ელფერი და ერთეული პოლიპი.

პოლიპის ზომა ხშირად 7-10 სმ-ია, ზედაპირი გლუვი, ფორმა მომრგვალო, ფერი კი მკვეთრი წითელი. იშვიათად სისხლის მიმოქცევის დარღვევის გამო პოლიპის ზედაპირი მუქი იისფერია. ამასთან თუკი პოლიპის ზედაპირი დაფარულია მრავალშრიანი ბრტყელი ეპითელიუმით, ან ხდება კერატინიზაცია, მისი ფერი მოთეთრო იქნება. შესაძლოა საშვილოსნოს ყელის პოლიპი იყოს დიდი ზომის და ვიწრო და პროლაბირებდეს (ჩამოვარდნილი იყოს) საშოს არხში. პალპაციით რბილი, ან პირიქით მკვრივი, მაგრამ ელასტიური. სხვაობა ფიბროზული ქსოვილის რაოდენობაზეა დამოკიდებული.

ჰისტოლოგიურად არჩევენ პოლიპების შემდეგ ფორმებს:

  • ჯირკვლოვანი;
  • ჯირკვლოვან-ფიბროზული;
  • ფიბროზული;
  • ანგიომატოზური;
  • მარტივი;
  • პროლიფერირებადი;
  • ეპიდერმალური.

საშვილოსნოსყელის პოლიპების შესაძლოა გახდნენ უშვილობის მიზეზი. არ არის გამორიცხული მალიგნიზაციის განვითარება, ორსულობის დროს კი პოლიპის არსებობა ორსულობის ნაადრევი შეწყვეტის მიზეზიშეიძლება გახდეს.

პოლიპების მკურნალობა მათ ქირურგიულ მოცილებას გულისხმობს საშილოსნოს ყელის გამოფხეკასთან ერთად. პოლიპის მოკვეთამდე საჭიროა ანტიბიოტიკოთერაპიის ჩატარება. პოლიპის ფეხი რადიოსიხშირული კოაგულაციის, ან კრიოდესტრუქციის გზით უნდა მოიკვეთოს. ორსულებში პოლიპის მოშორება საჭირო ხდება თუკი პოლიპის ზომა 10 სმ-ზე მეტია, მიდრეკილია სწრაფად ზრდისკენ, აღინიშნება პოლიპის სისხლმიმოქცევის მოშლა.

პოლიპების პროფილაქტიკად ითვლება ქალის მხრიდან ინტიმური ჰიგიენის მუდმივი დაცვა, წელიწადში ერთხელ გინეკოლოგიური გამოკვლევა. დაუშვებელია საშოდან სისხლდენის ყურადღების მიღმა დატოვება, ან თვითმკურნალობა.