ტექნიკური ქალიშვილობა

უკანასკნელ პერიოდში პლატიკური ქირურგიის ერთ ერთ სფეროში – ჰიმენოპლასტიკა მაქვს მხედველობაში, ქირურგები დატვირთული რეჟიმით მუშაობენ. ქართველი ქალების ძალიან დიდი ნაწილი იკეთებს აპკის აღდგენას. პლატიკური ქირურგიის გამოცდილებით აშკარაა, რომ ჰიმენოპლასტიკა ადრეც კეთდებოდა და საკმაოდ დიდი სიხშირითაც, მაგრამ ეს დამალული, რადგან ხალხი იყო ბნელი და გაუგებარი. ახლა ვამბობთ, რომ ცივილიზებული ერი ვართ, მაგრამ ჰიმენოპლასტიკა ისევ ანონიმურობის სრული დაცვით ტარდება. ანუ ეს ფაქტი ისევ დამალულია, იმ განსხვავებით, რომ ქალებიც და კაცებიც საზოგადოებში ყოფნისას ამბობენ, რომ საქალწულე აპკი არ არის მთავრი ქალისა და მამაკაცის ურთიერთობაში, სინამდვილეში კი მამაკაცი ცოლად არ მოიყვანს „ეგეთ“ ქალს და ძმაკაც-მეგობრებთან ამაყადაც შეაგინებს, გოგო კი ქორწილამდე გაიქცევა პლატიკურ ქირურგთან და სასწრაფოდ „გაქალიშვილდება“.

ზოგჯერ გოგონებს მამაკაცების მოტყუებაში მთელი სამეგობრო და ჩემდა გასაკვირად, დედებიც ეხმარებიან. ანუ გოგო პლასტიკური ქირურგთან გულშემატკივრების მთელი ამალით მიდის და ყველანი ელოდებიან, როდის გამოვა საოპერაციოდან ექიმი, რომ გაიგონ „კარგი ამბავი“.

მოკლედ რომ ვთქვა, საქართველოში ოჯახი, რაც ყველაზე ძვირფასი შენაძენია ცხოვრებაში, ტყუილით იწყება ბევრ შემთხვევაში. გასაგებია, რომ ქართველ ბიჭი არაქალიშვილს არ მოიყვანს ცოლად და ეს ჩვენი სექსუალური განათლების დაბალ დონეზე მიუთითებს. რადგან ადამიანობა არ ისაზღვრება თხელი და რაღაც დონეზე უფუნქციო წარმონაქმნის არსებობა-არ არსებობით, მაგრამ ამ მდგომარეობის მთელ ტვირთს მამაკაცებს ნუ ვატარებინებთ. მთლად მათი ბრალიც არ არის, რომ ასე ფიქრობენ. ამისკენ ჩვენც ვუბიძგებთ, რადგან საყვარელი მამაკაცისთვის სიმართლის თქმის შიშით გოგო ოჯახის მთელი დანაზოგის (ჰიმენოპლასტიკა საშუალოდ 800-1500 ლარი ჯდება საქართველოში) გაწირვის შემდეგ „ისევ ქალიშვილი“ ხდება.

ჩვენი ბრალია, რომ შვილებს ვუნერგავთ ქალიშვილობის ინსტიტუტის აუცილებლობას და ვასწავლით, რომ ტყუილის ხარჯზეც კი ხალხის თვალში პატიოსანი, წესიერი, მაღალი მორალის მქონე, ანუ ქალიშვილი უნდა იყოს. იმას კი არ ვასწავლით, რომ იმ მამაკაცს, რომელსაც ქალი კი არა, მისი საქალწულე აპკი „უყვარს“, ჩვენი შვილის გაბადნიერება ვერ შეეძლება.

ტყუილით დაწყებული ურთიერთობა ვერ იქნება მყარი, როცა ქალსა და მამაკაცს შორის ასეთი დიდი საიდუმლოა, როცა ასეთი დიდი ტყუილი დგას მათ შორის, ვფიქრობ ბედნიერებაზე საუბარი ნაადრევია.

იმის თქმა მინდა, რომ მხოლოდ მამაკაცების ცნობიერების დონის ამაღლება ვერ შეცვლის დღევანდელ სიტუაციას საქართველოში, ქალებიც უნდა გავიზარდოთ ამ კუთხით. არ არის საჭირო, საქალწულე აპკის ამოკერვა რაიმეს დასამტკიცებლად. თუკი საკუთარი ნებით კარგავს ქალი ქალიშვილობას, პასუხისმგებლობაც უნდა აიღოს და ისე იყოს ძლიერი ქალი, შემდგარი პიროვნება, რომ საქალწულე აპკის პლასტიკა არ დასჭირდეს. მთელი ოჯახით პლასტიკურ ქირურგთან ვიზიტის ნაცვლად საყვარელ მამაკაცს უნდა დაველაპარაკოთ, სიმართლე გავუმხოლოთ და თუ ის ვერ გაიგებს, არ უნდა ვიდარდოთ, რადგან მამაკაცი რომელიც ამას ვერ გაიგებს, არ არის ის ერთადერთი, ვისაც ყველა ქალი ელოდება. ის თავის შესაფერისს იპოვის, თქვენ კი თქვენსას.