თირკმელი

თირკმელი, ren – წყვილი ექსკრეტორული ორგანოა, რომელიც გამოიმუშავებს შარდს.

 

თირკმელი მდებარეობს რეტროპერიტონეულად, ხერხემლის მარჯვენა და მარცხენა მხარეს 1-1,5 სმ-ის მოშორებით. ზედა კიდე ესაზღვრება XI ნეკნს, ხოლო ქვედა კიდე – თეძოს წინა ზედა წვეტიდან 3-5 სმ-ით ზევით, ანუ გულმკერდის XII და წელის I-II მალების დონეზე. მითითებული საზღვრები ინდივიდუალურია და ვარიაბელურია ყველა ადამიანისათვის.

 

თირკმელს აქვს ლობიოს მარცვლის ფორმა. გარედან არის გლუვი, მუქი წითელი ელფერით. თირკმელს აქვს ზედა და ქვედა პოლუსი (exstreminas superios et inferior), ლატერალური და მედიალური კიდეები (margo lateralis et medialis), წინა და უკანა ზედაპირები (facies posterior et anterior).

 

თირკმლის ლატარელური კიდე გამოდრეკილია, მედიალური კი შუაში ჩაღრმავებული.

 

შუა შედრეკილი ზედაპირი მოიცავს თირკმლის კარს (hillus renalis), რომელშიც შედის არტერიები, ვენები, ლიმფური კვანძები, ნერვები და შარდსაწვეთი. თირკმლის კარი იხსნება ვიწრო სივრცეში, რომელიც იჭრება თირკმლის პარენქიმაში, მას sinus renalis ეწოდება. მისი სიგრძივი ღერძი მიმართულია თირკმლის სიგრძივი ღერძს ემთხვევა. თირკმლის წინა ზედაპირი მეტად გამოდრეკილია, ვიდრე უკანა.

თირკმლების ტოპოგრაფია.  მუცლის ღრუს ორგანოების მიმართ მარჯვენა და მარცხენა ნაწილის დამოკიდებულება განსხვავებულია.

მარჯვენა თირკმელს წინიდან ეხება ღვიძლის მარჯვენა წილი, თორმეტგოჯა ნაწლავის დასწვრივი ნაწილი, ასწვრივი კოლინჯი და კოლინჯის მარჯვენა ნაკეცი. მარცხენა თირკმლის წინა ზედაპირთან ურთიერთობაშია კუჭი, ელენთა, დასწვრივი კოლინჯის დასაწყისი და წვრილი ნაწლავი. ზედა კიდეებზე ორივე თირკმელს ეხება თირკმელზედა ჯირკვლები. მარცხენა თირკმელს მედიალურად ჩაუვლის აორტა, მარცხენას – ქვემო ღრუ ვენა.

 

თირკმელი დაფარულია ფიბროზული კაფსულით, რომელიც მჭიდროდ ეკვრის თირკმლის პარენქიმას. ფიბროზულ კაფსულას გარს აკრავს ცხიმოვანი კაფსულა, ანუ პარანეფრონი. ყველაფერი და ამას დამატებული თირკმელზედა ჯირკვლები თირკმლის ზედა პოლუსთან ზის ბუდეში, რომელიც იქმნება თირკმლის წინა და უკანა ფასციებით.

თირკმლის სისხლძარღვები. თირკმლის არტერია გამოდის მუცლის აორტიდან და თირკმლის კარის მახლობლად იყოფა ორ ტოტად, რომლებიც თავის მხრივ თირკმლის კარში იძლევიან ორ ტოტს – წინა და უკანა ტოტებს. წინა ტოტები უფრო დიდია და ამარაგებს თირკმლის წინა ¾-ს, ხოლო უკანა – ¼-ს.

შემთხევათა დაახლოებით ¼-ში თირკმელი ღებულობს დამატებით კვებას, აორტიდან გამოსული არტერიებით. ისინი კარით არ შედიან თირკმელში, არამედ წინა ან უკანა ზედაპირებით, ან ზედა და ქვედა ბოლოების მახლობლად.

თირკმლის არტერიის ტოტებს შორის თირკმელში მნიშვნელოვანი კავშირები არ არსებობს. თუმცა გარემომცველ ცხომოვან ქსოვილში არის უხვი ექსტრაორგანული კოლატერალური ქსელი, რომელიც იქმნება თირკმლის ცხიმოვანი კაფსულის, თირკმელზედა ჯირკვლის, შარდსაწვეთის, შუასაძგიდის და პანკრესის არტერიის ტოტებით.

თირკმლის ვენა თირკმლის არტერიის წინ გაივლის და წელის I-II მალის დონეზე ერთვის ქვემო ღრუ ვენას. მარცხენა თირკმლის ვენა შედარებით გრძელია. მას მარცხენა თირკმელზედა ვენა და მარცხენა სათესლე ვენა ერთვის. მარჯვნივ კი თირკმელზედა და სათესლე ვენები ქვემო ღრუ ვენას დამოუკიდებლად ერთვიან.

თირკმლის ვენას უკავშირდება თირკმლის ცხიმოვანი კაფსულის ვენური წნული (იქმნება ცხიმოვანი კაფსულის, შარდსაწვეთისა და სათესლის ვენების მიერ).

თირკმლის ლიმფური ძარღვების ზედაპირული ტოტები მდებარეობს თირკმლის ფიბროზული კაფსულის ღრმა შრეში, ღრმა წნულები – სეგმენტებს შორის, გამომტანი ლიმფური ძარღვები იხსნებიან აორტისა და ქვემო ღრუ ვენის გასწვრივ მდებარე ლიმფურ კვანძებში.

თირკმლის ინერვაცია ხორციელდება თირკმლის წნულით, რომელიც ფაშვის წნულის ტოტების მიერ იქმნება. ნერვული კვანძები და ღეროები შედიან თირკმლის არტერიებთან და ვენებთან ერთად.