სექსუალური სურვილის ჰიპოაქტიური დარღვევა

სექსუალური სურვილის ჰიპოაქტიური დარღვევა არის ხშირი ან გამუდმებული სექსუალური ფანტაზიების, სურვილების და აქტივობის არქონა. ასეთ შემთხვევებში სექსუალური აქტივობა უნდა იწვევდეს ძლიერ დისტრესს ან ადამიანურ ურთიერთობებში სიძნელეებს ვინაიდან  ადამიანს შეიძლება ჰქონდეს სექსუალური სურვილების და ლიბიდოს ნაკლებობა და ეს არ იყოს დარღვევა, ზოგ შემთხვევაში ეს ურთიერთობებში ადაპტაციის შედეგია.

სექსუალური სურვილების ჰიპოაქტიური დარღვევა შეიძლება გამოიწვიოს მრავალმა ფაქტორმა:

  • ანდროგენების დეფიციტმა;
  • სეროტონინის უკუმიტაცების სელექციურმა ინჰიბიტორებმა (ანტიდეპრესანტები);
  • გონადოტროპინ რილიზინგ ჰორმონის ანალოგებმა;
  • ანტიჰიპერტენზიულებმა;
  • სიმსივნის საწინააღმდეგო ქემოთერაპიამ;
  • ანტიკონვულსანტებმა;
  • სისტემურმა ავადმყოფობებმა;დეპრესიამ;
  • სხვადასხვა ფსიქოლოგიურ პრობლემებმა.

სექსუალური სურვილის ჰიპოაქტიური დარღვევის შესწავლის დროს აუცილებელია გამოირიცხოს ანდროგენების დეფიციტი, რაც შეიძლება საერთო ტესტოსტერონის განსაზღვრით დადგინდეს.

სექსუალური სურვილის ჰიპოაქტიური დარღვევა ვლინდება საშუალოდ კაცების 5 % ში, ხოლო ქალების 22% -ში.  მდგომარეობის პრევალენტობა იზრდება ასაკის მატებასთან ერთად და ხშირად ასოცირებულია სხვა სქესობრივ პრობლემებთანაც, მაგ. ერექტიული დისფუნქცია.

მნიშვნელოვანია ამ პრობლემის მკურნალობა, ვინაიდან შესაძლოა შექმნას სერიოზული პრობლემები ურთიერთობებში და/ან მიზეზი გახდეს სხვა სქესობრივი დისფუნქციების მაგ. ერექტიული დისფუნქცია.

ქალებში სექსუალური დისფუნქციის მთავარ მიზეზს ხშირად წარმოადგენს დეპრესია.  თვით ანტიდეპრესანტებით მკურნალობამაც კი შესაძლოა გააუარესოს ქალის სექსუალური რეაქცია.

ახალგაზრდა ქალში საკვერცხეები ანდროგენების 50 % გამოიმუშავებენ, შუა ხნის ასაკისთვის  ეს მდგომარეობა იცვლება და ქალის ორგანიზმში ანდროგენების წყაროს უმეტეს ნაწილს წარმოადგენს თირკმელზედა ჯირკვლის მიერ გამომუშავებული პროჰორმონები (DHEA, DHEAS, ანდროსტენდიონი). 50-60 წლის ასაკისთვის კი ამ პროჰორმონების რაოდენობაც მკვეთრად კლებულობს, მაგ. დიჰიდროეპიანდროსტერონის რაოდენობა 70 %-ით კლებულობს 20-30 წლის ასაკის ქალთან შედარებით.

ანდროგენების სწრაფმა კლებამ შესაძლოა გამოიწვიოს სექსუალური სინდრომი, რომელიც გამოიხატება ნორმაში სექსუალურ სტიმულებზე (ვიზუალური, ტაქტილური, აუდიტორული და.ა.შ. სტიმულები) რეაქციის დაკარგვა.

აღსანიშნავია, რომ მრავალ შემთხვევაში ქალებში ტესტოსტერონის დონის განსაზღვრა თითქმის არ არის კორელაციაში სექსუალურ დისფუნქციასთან.

ქალებში მნიშვნელობა ენიჭება ესტროგენების დონეს, არსებობს კვლევები, რომელთა მიხედვითაც ესტროგენების ნაკლებობამ შესაძლოა უარყოფითად იმოქმედოს ქალის სექსუალურ ფუნქციაზე (მაგ. მცირდება ლუბრიკაცია აგზნების საპასუხოდ, მცირდება ვულვის მგრძნობელობა).