ნაყოფის სისხლმომარაგება

ნაყოფის სისხლმომარაგება, იგივე პლაცენტარული სისხლმომარაგება ხასიათდება თავისებურებებით. ეს დაკავშირებულია იმასთან, რომ მუცელშიდა განვითარების პერიოდში ნაყოფის სასუნთქი და საჭმლის მომნელებელი სისტემა არ ფუნქციონირებს სრულყოფილად და ნაყოფი იძულებულია, სიცოცხლისა და განვითარებისთვის აუცილებელი ნივთიერებები დედის სისხლით მიიღოს, ანი იგი იკვებება შერეულია არტერიულ-ვენური სისხლით.

დედის სისხლი მოდის პლაცენტასთან (placenta), რომელც უერთდება ჭიპის ვენას (v. umbilicalis). ჭიპის ვენა ჭიპის ბაგირაკის, იგივე ჭიპლარის ნაწილია. მოხვდება რა ნაყოფის სხეულში ჭიპის ვენა იძლევა ორ ტოტს, რომელთაგან ერთი უერთდება ღრუ ვენას, მეორე კი ვენურ სადინარს (ductus venosus). ვენური სადინარი თავის მხრივ ჩაედინება ქვემო ღრუ ვენაში.

ნაყოფის სხეულის ქვედა ნაწილიდან წამოსული სისხლი პლაცენტის არტერიულ სისხლთან ერთად ქვემო ღრუ ვენით მოდის მარჯვენა წინაგულში. ამ სისხლის ძირითადი ნაწილი წინაგულთშორის არსებული ოვალური ხვრელით გადადის უშუალოდ მარცხენა წინაგულში ისე, რომ არ ხვდება სისხლის მიმოქცევის მცირე წრეში, შემდეგ კი აქედან სისხლი გადადის მარცხენა პარკუჭსა და აორტაში.

შერეული სისხლის უმცირესი ნაწილი მარჯვენა წინაგულ-პარკუჭოვანი ხვრელით გადადის მარჯვენა პარკუჭში. ზემო ღრუ ვენას მოაქვს მხოლოდ ვენური სისხლი ნაყოფის სხეულის ზედა ნაწილებიდან და ჩადის აგრეთვე მარჯვენა წინაგულში. მარჯვენა წინაგულიდან ეს სისხლი გადადის მარჯვენა პარკუჭში, სადაც უერთდება ზემოთხსნებულ მცირე რაოდენობის შერეულ სისხლს და ერთად გადაიდევნება ფილტვის ღეროში. ფილტვის ღერო უერთდება არტერიულ სადინარს (ductus arteriosus), საიდანაც სისხლი მიემართება აორტის რკალისკენ.

არტერიული სადინარი ატარებს დიდი რაოდენობით სისხლს, რამეთუ ნაყოფის ფილტვები განვითარებულია სუსტად. აორტა იღებს შერეულ სისხლს და მისი ტოტებით ნაწილდება ნაყოფის სხეულის სხვადსხვა უბანში.

მუცლის აორტას გამოეყოფა ჭიპის ორი არტერია (aa. Umbilicales), რომელთა საშუალებით ნაყოფის სისხლის ნაწილი ხვდება პლაცენტაში, სადაც ხდება მისი გაწმენდა ნახშირმჟავებისა და ნივთიერება ცვლის სხვა ნარჩენებისაგან. სუფთა სისხლი ჭიპის არტერიის გზით კვლავ უბრუნდება ნაყოფის სხეულს.

დაბადების მომენტში ჭიპლარის გადაჭრის დროს დედასა და ნაყოფს შორის კავშირი ირღვევა. პირველი ჩასუნთქვის დროს უკვე ახალშობილის ფილტვები იწყებენ ფუნქციონირებას და ხდება სისხლძარღვების გადაწყობა. ახალშობილის გულის მარცხენა ნაწილში ხდება წნევის მატება, ჭიპის ვენები და არტერიები ცარიელდება, ოვალური ხვრელი იხურება თხელი ფირფიტით და წყდება წინაგულებს შორის კავშირი. საბოლოო ჯამში ოვალური ხვრელი, ვენური და არტერიული სადინრები ხორცდება და ყალიბდება ზრდასრული ადამიანის სისხლმომარაგების მსგავსი სისხლმომარაგება.