სალპინგექტომია

სალპინგექტომია სამედიცინო ტერმინია და ნიშნავს ფალოპის მილების ქირურგიული გზით ამოკვეთას.  ეს ოპერაცია ტარდება სხვადასხვა პათოლოგიების არსებობისას, მაშინ როცა ამის ჩვენება არსებობს.  სალპინგექტომია შეიძლება ჩატარდეს ექტოპიური ორსულობებისას, სისხლდენის დროს, სიმსივნეების არსებობისას, საშვილოსნოზე, მილებში, საკვერცხეებში, ასევე ინფიცირებული მილების შემთხვევაში.  ორმხრივი სალპინგექტომია გამოიყენებოდა ქალში სტერილურობის გამოწვევისთვის (მუდმივი კონტრაცეფცია). თუმცა დღეისთვის ეს მეთოდი იშვიათად გამოიყენება.

სალპინგექტომია ტრადიციულად ღია (ლაპარატომია) ოპერაციას წარმოადგენს, თუმცა ის დღეისთვის ტარდება ლაპარასკოპიულად (ნაკლებ ინვაზიური მეთოდი).

საშვილოსნოს მილებზე ტარდება სხვა ოპერაციებიც:

სალპინგო-ოოფორექტომია –  ოპერაცია, რომლის დროსაც ხდება საკვერცხეების და მილების ამოღება.  ეს ოპერაცია შეიძლება ჩატარდეს ერთ ან ორივე საკვერცხე და მილზე. თუ ხდება ორივე საკვერცხის და ორივე მილის ამოკვეთა, ამ ოპერაციას ეწოდება ბილატერალური სალპინგო-ოოფორექტომია.

სალპინგოსტომია/სალპინგოტომია –  ამ დროს ხდება  საშვილოსნოს მილის გაკვეთა (სალპინგოტომია), იმ მიზნით რომ მისი სანათური გაათავისუფლონ (მაგ. ექტოპიური ორსულობისგან). ასეთ შემთხვევაში ხდება მილის გაკვეთა, მაგრამ არა ამოკვეთა.  თუ იქმნება მილის ახალი სანათური ასეთ ტექნიკურ მანიპულაციას სალპინგოსტომია ჰქვია.  სალპინგოსტომიის სინონიმია  ფიმბრიოპლასტიკა.