სიფილისი

GeoSexMD.com

სიფილის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციაა.  მას იწვევს ბაქტერია (სპიროქეტე-ტრეპონემა პალიდუმ).  სიფილისის ადრეულ პერიოდში დიაგნოსტირება თუ მოხდა ადვილი სამკურნალოა, თუ დიაგნოსტიკა და მკურნალობა დაგვიანებულია მას შეიძლება მძიმე შედეგები მოჰყვეს (მათ შორის სიკვდილი). სიფილისით ინფიცირებით რაოდენობა იზრდება ახალგაზრდა ასაკში.

სიფილისი გადაეცემა პირდაპირი კონტაქტით (სქესობრივი აქტის დროს), ვაგინალური, ანალური და ორალური სექსით.  კონტაქტი უნდა მოხდეს სიფილისურ შანკრთან (კანის/ლორწოვანის დაზიანებული უბანი), რომელიც შეიძლება მდებარეობდეს საშოზე, ანუსის მიდამოში, ანუსში, პენისზე, შეიძლება მდებარეობდეს ტუჩებზეც კი.  სიფილისით ინფიცირება შეიძლება მოხდეს ორსულიდან ნაყოფზეც (ასეთ გადაცემის გზას ვერტიკალური ჰქვია).

სიფილისი არ გადაეცემა:  საერთო ტუალეტის და აბაზანის გამოყენებით,  კარის სახელურით, საცურაო აუზებით, საერთო ტანსაცმლის და საერთო ნივთების ხმარებით.

პირველი სიმპტომები აღმოცენდება  ინფიცირებიდან  10-90 დღეში. საშუალოდ სიფილისის ინკუბაციური პერიოდი 21 დღეა- ანუ ეს ის დროა, როცა ადამიანი ინფიცირებულია სიფილისით , მაგრამ პირველი სიმპტომები ჯერ  არ გამოვლენილა.

სიფილისს ახასიათებს სხვადასხვა სტადიები: პირველადი, მეორადი, ლატენტური და მესამეული (მოგვიანებითი).

პირველადი სიფილისი

თავიდან პირველადი სიმპტომების სახით ჩნდება კანის/ლორწოვანი გარსის  დაზიანება, დაზიანება შეიძლება იყოს ერთი ან მრავალი.  მას ჰქვია სიფილისური შანკრი, ანუ სიფილისური წყლული.  შანკრი ვითარდება ძირითადად იმ ადგილში სადაც სიფილისის ბაქტერია შეიჭრა ორგანიზმში.   ეს წყლული (შანკრი) არ არის მტკივნეული, ამიტომ შეიძლება მისი არსებობა გამოეპაროს ადამიანს და ვერც კი შეამჩნიოს.   წყლული არსებობს 3-6 კვირის განმავლობაში, შემდეგ ქრება, მიუხედავად იმისა  მკურნალობა ჩატარდება თუ არა. პირველი ეტაპის დამთავრების შემდეგ თუ არ ჩატარდა ადექვატური მკურნალობა იწყება მეორადი სიფილისი, ანუ მეორე ეტაპი.

sifilisuri shankri

სიფილისური წყლული (შანკრი) პენისის თავზე

 მეორადი სიფილისი

ამ პერიოდში კანზე ჩნდება გამონაყარი,  ან პატარა წყლულები. ეს დაზიანებები ძირითადად ჩნდება  პირის მიდამოში (ტუჩებზე), საშოს მიმდებარედ, ანუსთან.   ასეთი დაზიანებები და გამონაყარი ჩნდება, მას შემდეგ რაც პირველადი სიფილისის შანკრი გაქრება.  მისი გაქრობიდან რამოდენიმე კვირაში.   გამონაყარი შეიძლება გაჩნდეს ხელის და ფეხის გულებზეც, რომლებიც არ იწვევენ ქავილს  აქვთ მოწითალო, მოყავისფრო შეფერილობა.   მსგავსი  გამონაყარი შეიძლება ახასიათებდეს სხვა დაავადებებსაც, ამიტომ მხოლოდ ამით მსჯელობა სიფილისის შესახებ ძნელია.

კანის მშრალ ადგილებში გამონაყარი უდრო შესამჩნევი და დიდია, ხოლო ტენიან რეგიონებში (საზარდულის მიდამო, პირი, იღლიის მიდამო) გამონაყარი შეიძლება იმდენად სუსტი იყოს , რომ არ იყოს შესამჩნევი.

მეორადი სიფილისის სხვა სიმპტომები: ცხელება, ლიმფური კვანძების გადიდება, ყელის ტკივილი,  ირეგულარულად თმის ცვენა, წონის დაკარგვა, თავის ტკივილი. დროთა განმავლობაში მეორე სტადიის სიმპტომებიც გაივლის, იმ შემთხვევაშიც თუ პაციენტი არ იქნა ნამკურნალევი. ამ ეტაპის შემდეგ მოდის  ლატენტური და მოგვიანებითი პერიოდი.

ხელის გულებზე გამონაყარი მეორადი სიფილისის დროს

ხელის გულებზე გამონაყარი მეორადი სიფილისის დროს

ლატენტური და მოგვიანებითი (მესამეული სიფილისი) პერიოდი

ლატენტური პერიოდი დგება მეორადი სიფილისის სიმპტომების გაქრობის შემდგომ და იმითაა გამორჩეული, რომ ამ პერიოდში არანაირი სიმპტომი არ ვითარდება. ლატენტური ფაზა შეიძლება გაგრძელდეს წლების განმავლობაში.

მოგვიანებითი პერიოდი –  იმ ადამიანების 15 % -, რომლებიც არ იქნენ ნამკურნალევი სიფილისზე, უვითარდებათ  სიფილისის მოგვიანებითი პერიოდი.  ეს ეტაპი შეიძლება დადგეს 10-30 წლის განმავლობაში (პირველი ინფიცირებიდან). მოგვიანებითი ფაზის სიმპტომები მოიცავს:

  • კუნთების კოორდინაციის შესუსტება
  • პარალიზი
  • პარესთეზიები (მგრძნობელობის დაკარგვა)
  •  სიბრმავე
  • დემენცია  (კოგნიტიური ცვლილებები, ახლოს დგას „სკლეროზთან“)
  • ზიანდება შინაგანი ორგანოები
  • ზიანდება ნერვები, თვალები, სისხლძარღვები, ძვლები, სახსრები
  • იწვევს სიკვდილს.

ყველა ორსული ქალი გამოკვლეულ უნდა იქნას სიფილისზე.  პოზიტიური შედეგის შემთხვევაში უნდა მოხდეს მკურნალობა დაუყონებლივ, აუცილებელია ახალშობილის მკურნალობაც. სიფილისმა ახალშობილში მრავალი პრობლემა შეიძლება გამოიწვიოს: დაბალი წონა, ნაადრევი მშობიარობა,  მკვდრადშობადობა.

სიფილისის დიაგნოსტიკა:

უმეტესად გამოიყენებენ სიფილისის ანტისხეულებზე სისხლის ტესტს.

შეიძლება სიფილისური შანკრის პირდაპირი გამოკვლევა სპეციალური მიკროსკოპის ქვეშ. შანკრიდან იღებენ სეროზულ  სითხეს (ნიმუშს) და პირდაპირ ბნელი ველის მიკროსკოპის ქვეშ განიხილავენ.

სიფილისის დიაგნოსტიკაში გამოიყენება ასევე მაღალი მგრძნობელობით და სპეციფიურობით გამორჩეული პოლიმერაზული ჯაჭვური რეაქციის ტესტები.

შეიძლება სწრაფი ტესტი იყოს ცრუ დადებითი, ამიტომ ზუსტი დიაგნოზისთვის საჭიროა დამატებით კვლევები.

ანტისხეულების ტესტები დადებითი ხდება ინფცირებიდან 2-5 კვირაში.

ნეიროსიფილისის (მოგვიანებითი სიფილისის გართულება) დიაგნოსტირება ხდება თავზურგ-ტვინის სითხეში დიდი რაოდენობით ლეიკოციტების არსებობით, ასევე მომატებულია ცილები.

სიფილისის მკურნალობას წარმოადგენს ერთჯერადი პენიცილინი მაღალი დოზით (თუ სიფილისი 1 წელზე ნაკლები პერიოდისაა.  პენიცილინზე ალერგიის შემთხვევაში ტეტრაციკლინები, დოქსაციკლინი.

მესამეული (მოგვიანებითი ) სიფილისის მკურნალობა ხდება მაღალი დოზებით, ინტრავენურად პენიცილინით.  მინიმუმ 10 დღე.    ალერგიის შემთხვევაში ცეფტრიაქსონი, დოქსიციკლინი, ტეტრაციკლინი.

სიფილისი განვითარებულ ქვეყნებში ნაკლებ გავრცელებულია აფრიკის ქვეყნებთან შედარებით.

სიფილისს უწოდებენ ასევე, ათაშანგს და ლუესს.

სიფილისი პირველად აღწერილია იტალიაში მეთხუთმეტე საუკუნეში, სავარაუდოდ ის არსებობდა მანამდეც, თუმცა დიაგნოსტირება ვერ ხერხდებოდა. ვინაიდან სიფილისის გავრცელება, ფრანგების იტალიაში შეჭრას დაემთხვა, ამ დაავადებას თავიდან ფრანგული დაავადება უწოდეს.  შემდგომ მას დიდი პოქსი დაარქვეს, შემდეგ სიფილისი.

სიფილისის ბაქტერია გამოყვეს 1905 წელს.  პირველი ეფექტური მკურნალობა შემუშავებულ იქნა რამოდენიმე წლის შემდგომ.

სიფილისის პრევენციას წარმოადგენს დაცული სექსი (თუმცა ესიც არ არის 100 % იანი დაცვა), ასევე მნიშვნელოვანია ორმხრივი მონოგამური ურთიერთობის შენარჩუნება.

ისტორიაში მკვლევარების ნაწილი მიიჩნევს რომ სიფილისით გარდაიცვალნენ:

  • კოლუმბი (მოგზაური და მკვლევარი)
  • ჯორჯ ვაშინგტონი (ამის სარწმუნო მტკიცებულება არ არსებობს.  ოფიციალურად მიიჩნევა, რომ გარდაიცვალა მწვავე ლარინგიტის დიაგნოზით).
  • ნაპოლეონ ბონაპარტე – ჰქონდა სიფილისი და სავარაუდოდ გარდაიცვალა მისი მიზეზით, ჭარბი რაოდენობით იღებდა არსენიკს (დარიშხანი), რომელიც იმ პერიოდში სიფილისის სამკურნალოდ გამოიყენებოდა.
  • ფრანც შუბერტი – ავსტრიელი კომპოზიტორი  – მას ჰქონდა სიფილისი და გარდაიცვალა  ჭარბი რაოდენობით ვერცხლის წყლის მიღებით, რომელიც მეცხრამეტე საუკუნეში სიფილისის საწინააღმდეგოდ გამოიყენებოდა.
    dT1hSFIwY0Rvdkx6TmpMVzFoYVd4amIyMHRiSGhoTG5ObGNuWmxjaTVzWVc0dmJXRnBiQzlqYkdsbGJuUXZhVzUwWlhKdVlXd3ZZWFIwWVdOb2JXVnVkQzlrYjNkdWJHOWhaQzkwWVhSME1GOHhMUzB0ZEcxaGFURTBOV1k1TmpRek5EQmhPV000WkRJN2FuTmxjM05wYjI1cFpEMUZPRFEwTnpFMU