ვის უფრო ხშირად უნდა სექსი

flirting

სექსუალური სურვილი არის ადამიანის მოტივაციური მდგომარეობა, რომლის დროსაც  არსებობს ინტერესი სექსუალური აქტიობის მიმართ. ამ დროს ადამიანს სურს, სჭირდება, უნდა და ეძებს სქესობრივ აქტივობას. სექსუალური სურვილი შეიძლება დასრულდეს სხვადასხვა  სქესობრივი ქცევით, მასტურბაცია, კოიტუსი, სუროგატული სექსი და სხვა. ან დასრულდეს  თავშეკავებით.  სექსუალური სურვილის სინონიმებია: სექსუალური ლტოლვა, ლიბიდო, სექსუალური მოტივაცია, სექსუალური ინტერესი. სექსუალური სურვილი სუბიექტური შეგრძნებაა და  მისი ტრიგერი (დაწყების მიზეზი) შეიძლება იყოს როგორც შინაგანი ასევე გარე მოვლენები (წარმოსახვა, ფანტაზიები, მოფერება, სასქესო ორგანოს სტიმულაცია, სექსზე საუბარი და ა.შ.).

ადამიანები ერთმანეთისგან განსხვავდებიან სექსუალური სურვილით. ეს განსხვავება არის ინდივიდუალურიც და სქესთა შორისაც.  ზოგადად მიიჩნევა, რომ კაცებს უფრო ხშირად უნდებათ სექსი, ვიდრე ქალებს.  სხვადასხვა საზოგადოება ამ საკითხს სხვადასხვაგვარად უყურებს. მაგ. ფემინისტები მიიჩნევენ, რომ  ქალებს და კაცებს სექსი ერთნაირი სიხშირით უნდებათ და ამ საკითხშიც თანასწორები არიან. ნაწილი მიიჩნევს, რომ კოიტალური კავშირი არის მამაკაცისგან ძალადობით წამოსული მოვლენა.

ევოლუციური თეორიის თანახმად მამაკაცებს აქვთ უფრო ხშირად სექსის სურვილი, ვინაიდან მეტად გამრავლდებიან, რაც უფრო ხშირად და მეტ ქალთან ექნებათ სექსი, ხოლო  ქალებისთვის სიხშირეს ასეთი დიდი მნიშვნელობა არ აქვს.  მამაკაცებს სჭირდებათ ძლიერი ლიბიდო და სექსის ძლიერი სურვილი რათა ქალებისთვის „იბრძოლონ“ ეცადონ, რომ ჰქონდეთ  სექსი, სხვა შემთხვევაში კაცები მეტად ინეტულები იქნებოდნენ და გამრავლების საშუალება ნაკლებად მიეცემოდათ.  ქალებს შეუძლიათ წელიწადში მხოლოდ ერთ ბავშვი ჰყავდეთ, შესაბამისად ქალებს არ სჭირდებათ ბიოლოგიურად მაღალი ლიბიდო და ხშირი სექსი.   სოციალური გაცვლის თეორიის მიხედვით  კაცებს აქვთ უფრო მაღალი სექსუალური ლტოლვა, ვიდრე ქალებს (Baumeister, Catanese, & Vohs, 2001) . ამიტომაც კაცები სთავაზობენ ქალებს სხვა რესურსებს სექსის სანაცვლოდ.  თუ ქალებსაც იგივე სიხშირით ენდომებოდათ  სექსი, რა სიხშირითაც კაცებს, მაშინ სექსის ‘ფასი’ მკვეთრად დაიწევდა.

შეცდომების მენეჯმენტის თეორიის  მიხედვით, რომელიც ევოლუციური თეორიის თეზისებს იზიარებს, კაცები ცდილობენ შეამცირონ შეცდომების დაშვების ალბათობა, ისევე როგორც ქალები.  კაცებისთვის შეცდომას წარმოადგენს ხელიდან გაუშვან  ყოველი შანსი რეპროდუქციისთვის, ამიტომ ცდილობენ გამოიყენონ ყოველი შესაძლებლობა, თუკი მიეცემათ ქალთან.

ქალები პირიქით, ცდილობენ თავიდან აირიდონ შეცდომები „არამომგებიანი“ კავშირების სახით, შესაბამისად სექსისგან თუ არ ელოდებიან მომავალს, ისინი უარს ამბობენ.

კაცების სურვილის სიძლიერეზე მიუთითებს პორნოგრაფია და პროსტიტუცია, ეს ორი სფერო ძირითადად ემსახურება კაცებს და ორიენტირებულია მათი სურვილების დაკმაყოფილებაზე.  სოციალური გაცვლის თეორიის თანახმად სწორედ ეს ორი სფერო ემსახურება კაცებისთვის იაფფასიანი სექსის მიწოდებას, რაც ასე ძალიან სჭირდებათ მათ.  ფემინისტური თეორიის მიხედვით ქალებს და კაცებს ერთნაირი ლიბიდო აქვთ, თუმცა მამაკაცები ეძებენ ქალების ექსპლუატაციის გზებს და ამის შედეგია პორნოგრაფია და პროსტიტუცია.  ფემინისტები მიიჩნევენ, რომ პორნოგრაფია ქალებზე ძალადობაა და მის წინააღმდეგ ბრძოლას განაგრძობენ.