დაორსულება აბორტის შემდეგ

აბორტის შემდეგ დაორსულება საკმაოდ პრობლემატური საკითხია, ქალების ნაწილი ვერც ახერხებს შვილის ყოლას. ორსულობის ხელოვნურად შეწყვეტის ყველაზე დამზოგველი მეთოდებიც კი არ იძლევიან შვილოსნობის ფუნქციის შენარჩუნების გარანტიას.

სამწუხარო ის ფაქტია, რომ კონტრაცეფციის მეთოდების სიმრავლის მიუხედავად, აბორტების რიცხვი მაინც მაღალია. ეს მეტყველებს სქესობრივი განათლების დაბალ დონესა და ჯანსაღი კავშირების შესახებ ინფორმაციის უკმარისობაზე.

აბორტი არის არა მხოლოდ ერთი კონკრეტული ქალის არჩევანი, არამედ საზოგადოების სოციოკულტურული პრობლემა, რამეთუ აბორტის შემდეგ დაორსულების ალბათობა იკლებს. მეან-გინეკოლოგები ამის შესახებს აფრთხილებენ ქალებს.

თუმცა არის შემთხვევები, როცა აბორტი არ არის ქალის არჩევანი და ის სამედიცინო თვლასაზრისით კეთდება (ნაყოფის განვითარების ანომალიები, დედის სიცოცხლისთვის საფრთხის აცილება და ა.შ.). თუმცა ნებისმიერ შემთხევაში ორსულობის ხელოვნურ შეწყვეტას აქვს თავისი ნეგატიური შედეგები.

პირველ რიგში ეს არის, ანთებითი დაავადებები, საშვილოსნოს ფუნქციური შრის გათხელება, საშვილოსნოს ტრავმები. თუკი ქალი დაორსულდა, ეს კარგია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც შესაძლოა გართულებებმა წამოყოს თავი:

ორსულობის შეწყვეტის საფრთხე

აბორტის დროს სამედიცინო ინსტრუმენტით შესაძლოა საშვილოსნოს ყელის დაზიანება, რის გამოც ვითარდება ისთმიკო-ცერვიკალური უკმარისობა – მდგომარეობა, როცა საშვილოსნოს ყელი ვერ ასრულებს თავის შემაკავებელ ფუნქციას და მას არა აქვს ნაყოფის შეკავების უნარი.

ეს გართულება ხშირია,  როცა პირველი ორსულობა სრულდება აბორტით, არანამშობიარები ქალის საშილოსნოს ყელის არხი ძალიან ვიწროა და ინსტრუმენტის მოხვედრამ შესაძლოა დააზიანოს იგი. ისთმიკო-ცერვიკალური უკმარისობა ვლინდება ორსულობის მე-16-18 კვირაზე შეწყვეტით. ვითარდება სისხლიანი გამონადენი, შესაძლოა იყოს ჭინთვების მსგავსი ტკივილი, მაგრამ უხშირესად ტკივილი არ არის. ჩანასახი გამოდის გარეთ და ორსულობა სრულდება.

ამ გართულების თავიდან აცილების მიზნით ადრეულად მოხდეს ისთმიკო-ცერვიკალური უკმარისობის დიაგნოსტირება და მკურნალობა.

ჰორმონალური ფონი

სპონტანური აბორტის მიზეზი ასევე შეიძლება გახდეს ჰორმონალური ფონის შეცვლა. ორსულობა არის პროცესი, როცა ორგანიზმში ხდება გადაწყობა ნაყოფის ზრდა-განვიტარების უზრუნველსაყოფად. ორსულობის ხელოვნური შეწყვეტის დროს ორგანიზმი არ არის მზად და ირღვევა ენდოკრინული ჯირკვლების ფუნქციონირება – ჰიპოფიზის, საკვერცხეების და ა.შ. ეს კი განაპირობებს მომავალი ორსულობის დროს არაადექვატურ უზრუნველყოფას ენდოკრინული სისტემის მხრიდან. უხშირესად ეს გამოიხატება ყვითელი სხეულის ჰორმონის – პროგესტერონის უკმარისობით. შედეგად ორსულობა წყდება პირველ ტრიმესტრშივე. ამ გართულების ტავიდან აცილებისთვის საკმარისია ჰორმონალური გამოკვლევები და საჭირო კორექციების შეტანა.

სანაყოფე კვერცხის არასწორი მიმაგრება

აბორტის დროს ზიანდება საშვილოსნოს შიგნითა შრე – ენდომეტრიუმი. ეს სწორედ ის შრეა, რომელსაც ემაგრება სანაყოფე კვერცხი. ენდომეტრიუმის მდგომარეობას უდიდესი მნიშნელობა აქვს პლაცენტის ფორმირებაში. გათხელების, სპაიკების, ანთებითი პროცესების არსებობის პირობებში სანაყოფე კვერცხი ემაგრება იმ უბანს, სადაც არ არის დაზიანება. ასეთი ადგილები კი ხშირად განლაგებულია საშვილოსნოს ქვედა უბნებში, რაც განაპირობებს პლაცენტის ქვედა განლაგებას, რითიც გადაკეტავს საშილოსნოს ყელის არხს. შესაძლებელია სანაყოფე კვერცხის არა საშვილონოს კედელზე, არამედ საშვილოსნოს ყელზე მიმაგრება – ყელისმიერი ორსულობა. ასეთი მდგომარეობები ხშირად არის სისხლდენების წყარო, პლაცენტის აშრევების გამო, ყელისმიერი ორსულობა კი საერთოდ საშვილონოს მოცილების მიზეზიც შეიძლება გახდეს, ძლიერი სისხლდენის ინიცირების გამო. ყელისმიერი ორსულობა აღმოჩენისთანავე უნდა შეწყდეს, ქალის ინტერესებიდან გამომდინარე.

პლაცენტის წინამდებარეობის (დაბლა მიმაგრების) დროს საჭიროა სტაციონარული მკურნალობა, ორსულობის შესანარჩუნებლად. იმატებს ორსულობის საკეირსო კვეთით დასრულების ალბათობა.

ნაყოფის ზრდის შეფერხება

იქიდან გამომდინარე, რომ ენდომეტრიუმი ზიანდება აბორტის დროს და არასრულფასოვანი ხდება, შესაძლოა პლაცენტაც იყოს დეფექტური, რაც გამოიწვევს ნაყოფის ზრდის შეფერხებას. ამ მდგომარეობას ფეტო-პლაცენტური უკმარისობა ჰქვია. შედეგად ნაყოფი ცამორჩება განვითარებაში და შესაძლოა მცირეწონიანი დაიბადოს.

ამასთან დაკავშირებით ექიმმა გამუდმებით უნდა აკონტროლოს ნაყოფის განვიტარების ტემპი. ნაყოფის განვიტარებაში შეფერხების აღმოჩენისას ტარდება მკურნალობა ამბულატორიულად, ან სტაციონარში.

საშვილოსნოს გახევა

ეს საშინელი გართულება შესაძლებელია მოხდეს საშვილოსნოს ყელის მნიშნელოვანი გათხელებისას, რასაც აპირობებს აბორტების მნიშვნელოვანი რიცხვი. თუკი აბორტის დროსვე მოხდა საშვილონოს პერფორაცია (კედლის გახვრეტა), ტარდება ოპერაცია და კედლის მთლიანობა აღდგება. თუმცა ასეთ ქალებშ მშბიარობა რეკომენდებული არ არის, კედლის გახევის მაღალი რისკის გამო.