ეროტიული პლასტიურობა

lolita-1997-dominique-swain12

ეროტიული პლასტიურობა წარმოადგენს ტერმინს, რომელიც გამოხატავს ადამიანის სექსუალობის მდგრადობას ან ცვალებადობას გარემო პირობების მიმართ.  მაღალი ეროტიული პლასტიურობაა, როდესაც კულტურული და საზოგადოებრივი გავლენით ადამიანის სექსუალობა ადვილად იცვლება.  მაგ. გოგონა ქალიშვილობას იცავს, მაგრამ მას შემდეგ რაც მისმა მეგობრებმა დაკარგეს ქალიშვილობა, თვითნაც იწყებს სექსუალურ ცხოვრებას. დაბალი ეროტიული პლასტიურობის პირობებში კი პირიქით, ადამიანი უფრო რიგიდულია (მდგრადი) გარემო ფაქტორების მიმართ და მის სექსუალობაზე გავლენას ადვილად ვერ ახდენს სოციუმი და კულტურა.

ქალების ეროტიული ჰიპოტეზის მიხედვით  ქალების სექსუალობა მეტად პლასტიურია, ვიდრე კაცების.   ზოგჯერ ამ მოვლენას სექსუალობისადმი სუსტი მოტივაციით ხსნიან და უპირისპირებენ მშობლობის ფენომენს. მიიჩნევა, რომ მამაკაცებს – მშობლობის მიმართ აქვთ მაღალი პლასტიურობა, ანუ მათზე გარემო სოციალური და სხვა ფაქტორები ამ მხრივ დიდ გავლენას ახდენს, ქალებს პირიქით, აქვთ მშობლობის მიმართ დაბალი პლასტიურობა, ანუ გარემო პირობების მიუხედავად  მშობლური (დედობრივი) ინსტიქტები უმეტესად ძლიერი აქვთ .  

ეროტიულ პლასტიურობას ხშირად უკავშირებენ სექსუალურ ორიენტაციასაც,   საკითხი ისმის შემდეგნაირად: ჰომოსექსუალობა გარემო პირობების დამსახურებაა, თუ ბიოლოგიური – გენეტიკური მდგომარეობის? მეცნიერებისთვის ეს ამოცანა ჯერ კიდევ ამოუხსნელია,  თუმცა ზოგადად მაინც მიიჩნევა, რომ  სექსუალური ორიენტაცია მუდმივია და არ იცვლება გარემო ფაქტორების და დროსთან მიმართებაში.  იგივე არ შეიძლება ითქვას სექსუალურ ქცევაზე. მაგ. ადამიანი შეიძლება არ იყოს ჰომოსექსუალი მაგრამ გარემო პირობების გავლენით, ჰქონდეს ჰომოსექსუალური კავშირები სექსუალური ორიენტაციის მიუხედავად.  ქალებისთვის სექსუალური გადაწყვეტილების მიღება უფრო ძნელია ვიდრე მამაკაცებისთვის, მამაკაცებს არ სჭირდებათ სპეციფიურ გარემოებათა თანხვედრა იმისთვის, რომ  სექსუალური აქტივობა ჰქონდეთ, ქალებისთვის  მეტად  საჭიროა.  მაგ. ქალის „ცდუნება“ კონკრეტულ სიტუაციაში შეიძლება მოახერხოს ადამიანმა, სხვა სიტუაციებში ვერა. კაცებისთვის  ნაკლებად არის ასე. თუ კაცს სექსუალური ლტოლვა აქვს რომელიმე ადამიანის მიმართ, ნებისმიერ შემთხვევაში  ექნება მასთან სექსი გარემოებებზე ნაკლებ დამოკიდებულად.  სექს თერაპიაშიც დიდი მნიშვნელობა აქვს ქალისთვის გარემო მიზეზების დადგენას, რომელშიც ის იმყოფება, იმ კულტურული და სოციალური ფაქტორების გამოკვეთა, რომელიც მასზე გავლენას ახდენს.  კაცებისთვის იგივე ნაკლებ საჭიროა.  კაცებისთვის სექსი უფრო ბიოლოგიური და  ფიზიკური მოვლენაა ვიდრე ქალებისთვის. შესაბამისად კაცების სექსუალური დისფუნქციის დროს ხშირად ფიზიოლოგიური პროცესები მეტად დარღვეულია, ვიდრე ქალების შემთხვევაში.  კაცებზე უფრო ეფექტურია ჰორმონული მკურნალობა,  მედიკამენტური და ა.შ. ქალებისთვის   „სიტყვით მკურნალობა“  უფრო მნიშვნელოვანია.

ამ ჰიპოთეზიდან გამომდინარე ადამიანს შეიძლება დაებადოს  რიტორიკული კითხვა: „ადამიანი იცვლება თუ არა დროთა განმავლობაში?“  – ამ კითხვაზე პასუხი დაახლოებით ასე ჟღერს:  იმ ასპექტებში სადაც ახასიათებს მაღალი ელასტიურობა კი.  იქ სადაც მისი ელასტიურობა დაბალია  – არა.  მაგ. მამაკაცი რომელსაც აქვს დაბალი ლიბიდო, მის ცოლს კი ხშირად უნდა სექსი, კაცის მდგომარეობა მაღალი ალბათბის მთელი ცხოვრების განმავლობაში მსგავსი იქნება. მას ყოველთვის იშვიათად ენდომება სექსი.  ქალის შემთხვევაში სექსუალობის მიმართ დამოკიდებულების ცვლილება უფრო  მაღალი ალბათობითაა მოსალოდნელი.  ქალებს ზოგჯერ ბედნიერი, ენერგიული, ხშირი სექსი აქვთ ერთ პარტნიორთან, მეორესთან ძალზედ იშვიათად და წარუმატებლად.  ასევე. პირველი შემთხვევის შემდეგ (ბედნიერი ხშირი სექსუალური ურთიერთბა) თუ ქალმა დაკარგა ეს პარტნიორი შეიძლება სექსი საერთოდ აღარ ჰქონდეს არავისთან მთელი ცხოვრების განმავლობაშიც კი. მამაკაცი კი ასეთი განშორების შემდგომ სექსუალურ მოთხოვნილებას აუცილებლად დაიკმაყოფილებს: მასტურბაციით, შემთხვევითი პარტნიორით და ა.შ.

სექსუალურ ორიენტაციაში და ქცევაშიც ქალებს უფრო მაღალი პლასტიურობა ახასიათებთ, მაგ. ლესბიანებს უფრო ხშირად აქვთ ჰეტეროსექსუალური კავშირი  ვიდრე გეებს.

ჩვენს მიერ ჩატარდა  კვლევა, რომლის მიზანი იყო  დადგენილიყო თუ რამდენად მნიშვნელოვანია სექსი, როგორც მხოლოდ ბიოლოგიური და ფიზიოლოგიური ფენომენი.

კითხვა იყო ფორმულირებული შემდეგნაირად:  „გექნებოდათ თუ არა სექსი, მხოლოდ სექსუალური მოთხოვნების დაკმაყოფილების მიზნით? სხვა წინაპირობების გარეშე?“

სულ გამოიკითხა 850 ადამიანი. აქედან – 531 იყო მამაკაცი,   319 ქალი.

კაცების  84 % – მა განაცხადა, რომ სექსი ექნებოდა მხოლოდ სექსუალური სურვილის დაკმაყოფილების მიზნით.

ქალების  კი მხოლოდ 36 % – მა განაცხადა იგივე.

მნიშვნელოვანი განსხვავება აღმოჩნდა კაცებს და ქალებს შორის.  რაც თავის მხრივ ხაზს უსვავს ქალების მაღალ ეროტიულ პლასტიურობას, ვინაიდან მათ შედარებით დაბალი ბიოლოგიური მოტივები აქვს სექსის მიმართ ვიდრე მამაკაცებს. რაც უფრო სუსტია ბიოლოგიური მოტივი (გენეტიკური/ბიოლოგიური მდგომარეობა), მით უფრო ძლიერია გარემოს  გავლენა და პირიქით. რაც უფრო ძლიერია ბიოლოგიური  მოტივი, მით უფრო სუსტი გავლენა აქვს გარემოს.