ოვულაცია

ovulacia

ოვულაცია (ლათ.ovulla-საკვერცხე, ovum- კვერცხი) – საკვერცხის ფოლიკულიდან მუცლის ღრუში მწიფე, განაყოფიერებისათვის მზადმყოფი კვარცხუჯრედის გადმოსვლაა. შვილოსნობის ასაკში ქალის ორგანიზმში ოვულაცია ხდება ციკლურად (ყოველ 21-35 დღეში).  ოვულაცია წარმოადგენს მენსტრუაციული ციკლის ფაზას, რომლის დროსაც საკვერცხიდან მომწიფებული კვერცხუჯრედი თავისუფლდება მუცლის ღრუში (შემდგომ ფალოპის მილებში). თუ კვერცხუჯრედი არ განაყოფიერდა სპერმით, შემდეგ დგება მენსტრუაცია.

ოვულაცია დგება საშუალოდ მენსტრუალური ციკლის   დაწყებიდან, ანუ მენსტრუაციის დაწყებიდან  14,6 დღის შემდეგ,  28 დღიანი ციკლის  შემთხვევაში.

ოვულაციის პერიოდულობა რეგულირდება ნეოროჰუმორული მექანიზმებით, კერძოდ, ჰიპოფიზის წინა წილის გონადოტროპული ჰორმონებით. ოვულაციის მუდმივი რიტმი განიცდის ცვლილებებს სქესობრივი მომწიფების დაწყებიდან პირველი 2 წელი,  3 თვე აბორტის შემდეგ, 1 წელი მშობიარობის შემდეგ და 40 წელს ზევით, როცა ქალის ორგანიზმი ემზადება კლიმაქტერული პერიოდისათვის. ოვულაცია ნორმაში წყდება მხოლოდ ორსულობისა და მენოპაუზის დროს. ოვულაციის ვადების დადგენა მნიშვნელოვანია განაყოფიერებისათვის ხელსაყრელი დროის მოსაძებნად, აგრეთვე, ხელოვნური ინსემინაციისა და ექსტრაკორპორალური განაყოფიერებისათვის.

ოვულაციის რეგულაცია – ოვულაციის რეგულაცია ხდება ჰიპოთალამუსის საშუალებით, რომელიც გონადოტროპინ-რილიზიინგ-ჰორმონის სინთეზის გზით. ეს ჰორმონი, თავის მხრივ, მოქმედებს ჰიპოფიზის წინა წილზე, სადაც გამომუშავდება გონადოტროპული ჰორმონი (მალიუთეინიზირებელი და ფოლიკულომასტიმულირებელი ჰორმონი).

ოვულაციის ვადები – ქალების ნაწილში წინა და მორიგ ოვულაციას შორის მნიშვნელოვანი სხვაობა აღინიშნება (არარეგულარული ციკლი, ან ციკლის ხანგრძლივობის მატება/კლება). არის შემთხვევები, როცა ქალში ძალიან ხანმოკლე მენსტრუალური ციკლით, ოვულაცია მენსტრუალური სისხლდენის დამთავრების შემდეგ აღინიშნება. გამონაკლისი შემთხვევების გარდა, ოვულაცია მენსტრუალური ციკლის მე-14-15 დღეს ხდება.

თუკი არ მოხდება ოვულაცია და კვერცხუჯრედის განაყოფიერება, მენსტრუაციის დროს საშვილოსნოს ფუნქციური შრე სცილდება და სისხლთან ერთად გამოიყოფა გარეთ. თუ სპერმატოზოიდისა და კვერცხუჯრედის შერწყმა (განაყოფიერება) მოხდა, ემბრიონი იწყებს ფალოპის მილიდან (სადაც ხდება განაყოფიერება) საშვილოსნოს ღრუსკენ გადაადგილება.

ოვულაციის ნიშნები – ოვულაციის სუბიექტური ნიშანის შესაძლოა იყოს ხანმოკლე ტკივილი მუცლის ქვედა ნაწილში. ობიექტური ნიშანია საშოდან ლორწოვანი სეკრეტის გამოყოფის გაძლიერება, სისხლის პლაზმაში პროგესტერონის დონის მატება და რექტალური ტემპერატურის ცვლილება ოვულაციის დღეს.

ოვულაცია და ჩასახვა – ჩასახვის მოსალოდნელობა მაქსიმალურია ოვულაციის დღეს ვაგინალური სქესობრივი აქტის  ქონის შემთხვევაში და ფასდება 33%-ით. ოვულაციის წინა დღეს შანსი 27%, ოვულაციამდე 5დღით ადრე – 10%, 4 დღით ადრე – 14%, 3დღით ადრე – 16%.

ყვითელი სხეული, ესტროგენი, პროგესტერონი – ოვულაციამდე დაახლოებით 24 საათით ადრე იზრდება ესტროგენების დონე. ესტროგენების მაღალი კონცენტრაცია იწვევს მალუთეინიზირებელი ჰორმონის გამოთავისუფლებას და ხდება ოვულაციის ინიცირება. ფოლიკულის კედელში ჩნდება გამოდრეკილობა, რომელიც სკდება და კვერცხუჯრედი გამოთავისუფლდება – ხდება ოვულაცია. გამსკდარი ფოლიკულის ადგილას წარმოიქმნება ყვითელი სხეული, რომელიც აპროდუცირებს პროგესტერონს და მცირე რაოდენობით ესტროგენებს. მათი გამოყოფა ყველაზე მაღალია ოვულაციისა და  ყვითელი სხეულის მაქსიმალური აქტივობის დროს. პროგესტერონი კი ამზადებს საშვილოსნოს ლორწოვანს ემბრიონის იმპლანტაციისათვის და შემდგომში უზრუნველყოფს ორსულობის შენახვას.

ოვულაცის და კონტრაცეფცია – ქალების ნაწილი სექსუალური აგზნების პიკს სწორედ ოვულაციის დროს განიცდის. გარდა ამისა, ერთი მენსტრუალური ციკლის დროს შესაძლოა მომწიფდეს ორი კვერცხუჯრედი, რითიც დაორსულების შანსები იზრდება. გასათვალისწინებელია, რომ სპერამატოზოიდის სიცოცხლის ხანგრძლივობა დაახლოებით 2-3დღეა (იშვიათად, 5-7დღე) და კვერცხუჯრედის სიცოცხლის ხანგრძლივობა 12-24საათია, ამიტომაც ყველაზე მოსალოდნელი 6-9 დღეა, აქედან 4-7 დღე ოვულაცაიმდე და 1-2 დღე მას შემდეგ. იმ წყვილებმა, რომელთაც უახლოეს მომავალში არ უნდათ შვილი, უნდა მიმართონ კონტრაცეფციის რომელიმე სახეს.

ოვულაციის დარღვევა იწვევს ჰიპოთალამო-ჰიპოფიზ-საკვერცხეების სისტემაში წარმოშობილ ცვლილებებს, თირკმელზედა ჯირკვლის ქერქისა და ფარისებრი ჯირკვლის დისფუნქცია, სისტემური დაავადებები, ჰიპოფიზისა და ჰიპოთალამუსის სიმსივნეები, სტრესული სიტუაციები. ოვულაციის არ არსებობა (ანოვულაცია) ყოველთვის იწვევს უშვილობას. ოვულაციის აღდგენა გულისხმობს ანოვულაციის მიზეზის დადგენას და მკურნალობას.