სიწითლე საზარდულში

მამაკაცებში საზარდულის მიდამოში სიწითლე ყოველთვის იწვევს განგაშის გრძნობას. სიწითლის მიზეზები ერთობ მრავალფეროვანია და დერმატოლოგიაში მოიცავს დაახლოებით 50 დაავადებას.

საზარდულის მიდამოში სიწითლე უკავშირდება გარეგან მიზეზებს, ან რაიმე კონკრეტულ დაავადებას: კონტაქტური დერმატიტი, ალერგიული რეაქცია, ლიქენი, ინფექციური გამომწვევები, მათ შორის სქესობრივი გზით გადამდები ინფექციები.

ყველაზე გავრცელებული სოკოვანი დაავადება, რომელიც იწვევს სიწითლეს არის საზარდულის დერმატომიკოზი, რომელსაც ზოგჯერ „ჟოკეების ქავილისაც“ უწოდებენ. დერმატომიკოზისთვის სახასიათოა უპირატესად მამაკაცებში განვითარება. ის ქალებს ემართებათ მხოლოდ მჭიდრო და ხანგრძლივი კონტაქტისას. დერმატომიკოზის კლინიკა: ქავილი, წვა, სიწითლე, რელიეფური, რგოლისებური გამონაყარი ბარძაყებსა და დუნდულებზე.

კლინიკური სურათი იმდენად სპეციფიურია, რომ დიაგნოზის დასმა ხერხდება კლინიკით, თუმცა დიაგნოზის დაზუსტება ხდება კანის ანაფხეკის მიკროსკოპული გამოკვლევით.

მკურნალობას ატარებს დერმატოლოგი. ინიშნება ანტიჰისტამინური საშუალებები, კალციუმის ქლორიდის 10% ხსნარი, რეზორცინის ხსნარი, ვერცხლის ნიტრატით დაზიანებული კანის დაფარვა პირველი 5 დღე, შემდეგ კი გამოიყენება სოკოს საწინააღმდეგო მალამოები.

რაციონალური თერაპია მოიცავს აგრეთვე სრულყოფილ დეზინფექციას: ტანსაცმლის და ნივთების. ძირითადი პროფილაქტიკური ღონისძიებები:

  • საგულდაგულო პირადი ჰიგიენა;
  • ტანსაცმლის, საცვლების, თეთრეულის ყოველდღიური გამოცვლა;
  • ადგილობრივად სოკოს საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება.

თვითმკურნალობა დაუშვებელია!!! მიმართეთ დერმატოლოგს.