ორსულობა

beremennost-42

ორსულობა ქალის ორგანიზმის მდგომარეობაა (ლათ. Graviditas), როცა მის სხეულში ვითარდება ემბრიონი, ან ნაყოფი. ორსულობა დგება ქალისა და მამაკაცის სასქესო უჯრედების (გამეტების) შერწყმის შედეგად.

ორსულობა ხანგრძლივობა ჩასახვიდან მშობიარობამდე შეადგენს 38 კვირას (ემბრიონული პერიოდი), ხოლო რაც შეეხება ბოლო მენსტრუციიდან მშობიარობამდე გასულ დროს  40 კვირა შეადგენს (სამეანო პერიოდი). როგორც წესი, მედიცინაში გამოიყენება სამეანო პერიოდი, ვინაიდან ჩასახვის დროის დადგენა არ არის მარტივი.

ნაყოფის მუცელშიდა განვითარებას ყოფენ ორ პერიოდად: ემბრიონული (ჩანასახის) და ფეტალური (ნაყოფის). ემბრიონული პერიოდის ხანგრძლივობა 8 კვირაა (სამეანო პერიოდის მე-10 კვირა). ემბრიონული პერიოდის განმავლობაში ხდება ზიგოტის ჩამოყალიბება (განაყოფიერება), გაყოფა (მრავალუჯრედიანი სტრუქტურის წარმოქმნა), იმპლანტაცია (საშვილოსნოს ლორწოვანში ჩანერგვა), გასტრულაცია (ჩანასახოვანი ფურცლების წარმოქმნა), ორგანოგენეზი (ორგანოების ფორმირება), პლაცენტაცია და ა.შ.

ემბრიონული პერიოდში ჩანასახი 0,1მმ-დან (განაყოფიერებილი კვერცხუჯრედის ზომა) იზრდება 3სმ-მდე (სანაყოფე გარსების გაუთვალისწინებლად).

ფეტალური პერიოდი 11 კვირიდან მშობიარობამდე გრძელდება. ფეტალური პერიოდის დასაწყისისათვის ჩანასახს ფორმირებული აქვს ყველა ორგანო, ფორმით ჰგავს ახალშობილს, ზომაში შემცირებულს. ფეტალურ პერიოდში ხდება ნაყოფის ორგანიზმის ზომაში მატება, განვითარება და სხეულის პროპორციების ცვლილება.

ემბრიონის მგრძნობელობა ნეგატიურ ზემოქმედებაზე მით მეტია, რაც უფრო პატარაა იგი. ემბრიონალურ პერიოდში სპონტანური აბორტის საფრთხე 10-ჯერ მეტია ფეტლურ პერიოდთან შედარებით.

ქალის ორსულობას, როგორც წესი, ყოფენ ტრიმესტრებად (სამთვიან პერიოდებად).

მენსტრუალური ციკლის გადაცდენის შემთხვევაში კეთდება ორსულობის ტესტი. თუ პასუხი დადებითია, აუცილებელია ექიმთან ვიზიტი, რათა ორსულობა დადასტურდეს ჰორმონალური ანალიზით და ჩატარდეს ულტრაბგერითი გამოკვლევა იმისთვის, რომ გაირკვეს საშვილოსნოშია ჩანასახი, თუ საშვილოსნოსგარე ორსულობას აქვს ადგილი.

გარდა ამისა, ულტრაბგერითი  კონტროლით შესაძლებელია პრენატალურად (დაბადებამდელ პერიოდში) დადგინდეს დაუნისა და ედვარდსის სინდრომების, ნაყოფის სიმახინჯეების არსებობა. ორსულობის 16-18-ე კვირა ოპტიმალურ პერიოდად ითვლება სამმაგი ბიოქიმიური სკრინინგის ჩასატარებლად (დაუნის და ედვარდსის სინდრომისა და ნერვული მილის დეფექტების დადგენა).

ნაყოფის პირველი მოძრაობის შეგრძნება ჩნდება 18-ე კვირაზე ნამშობიარევ ქალებში, არანამშობიარევ შემთხვევაში კი – 20-ე კვირაზე (შესაძლოა ვარიაბელურობა რამდენიმე კვირის ფარგლებში). აღსანიშნავია, რომ გამხდარი ქალები უფრო ადრე გრძნობენ ნაყოფის მოძრაობას, ვიდრე ჭარბწონიანი.

ორსულობის 24-ე კვირაზე ტარდება პლაცენტის დოპლეროგრაფია პლაცენტარული უკმარისობის, 26-ე კვირაზე კი გლუკოზოტოლერანტული ტესტი – შაქრიანი დიაბეტის გამოსარიცხად.

ორსულობის 38-ე კვირაზე მშობიარობა უკვე დროულია. თუმცა უმეტესად ბავშვი მე-40 კვირაზე იბადება. 42კვირაზე მეტხანს ნაყოფის დედის საშვილოსნოში დაყოვნება უკვე ვადაგადაცილებულად ითვლება.

ორსულობის ნიშნები  იყოფიან სავარაუდო და უტყუარ ნიშნებად.

ორსულობის სავარაუდო ნიშნები:

  • გულისრევა, ღებინება, მადისა და ყნოსვის შეცვლა;
  • ცვლილებები ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ;
  • სახისა და სარძევე ჯირკვლის დვრილების ჰიპერპიგმენტაცია;
  • ხშირი შარდვა;
  • სარძევე ჯირკვლების გამაგრება, მუცლის ზომაში მატება.

ორსულობის უტყუარი ნიშნები:

  • ამენორეა;
  • სარძევე ჯირკვლების გადიდება, ხსენის გამოყოფით;
  • საშოსა და საშვილოსნოს ყელის ლორწოვანს მოლურჯო შეფერილობა;
  • საშვილოსნოს ფორმის, ზომისა და კონსისტენციის ცვლილება.

ორსულობის გართულებები – ორსულობა ყოველთვის არ მიმდინარეობს უპრობლემოდ. დამახასიათებელი გართულებებია:

  • ორსულების ანემია;
  • წელის ტკივილი;
  • ორსულთა ვარიკოზი;
  • საშოს ვენების ვარიკოზული გაგანიერება;
  • საშვილოსნოსგარე ორსულობა;
  • საშვილოსნოს ჰიპერტონუსი;
  • ნაყოფის ჰიპოქსია;
  • ისთმიკო-ცერვიკალური უკმარისობა;
  • იმუნოლოგიური კონფლიქტი;
  • სპონტანური აბორტი;
  • გვიანი ტოქსიკოზი: ეკლამპსია, პრეეკლამპსია, გესტოზი;
  • ადრეული ტოქსიკოზი;
  • რეზუს-კონფლიქტი;
  • ფეტოპლაცენტარული უკმარისობა;
  • ფეტო-ფეტალური უკმარისობა.

გართულებების დროული აღმოჩენის შემთხვევაში, მედიცინას შეუძლია მინიმუმამდე შეამციროს არასახარბიელო შედეგები.

ორსულობის ფიზიოლოგიურ დასასრულს წარმოადგენს მშობიარობა.

პირველმშობიარეებში მშობიარობა გრძელდება 9-11სთ, მაქსიმუმ 18სთ. ნამშობიარევ ქალებში მისი ხანგრძლივობა 6-8სთ, ხოლო მაქსიმუმ 13-14 სთ. როცა მშობიარობა დასაშვებ მაქსიმუმზე მეტხანს გრძელდება, მას გართულებულ მშობიარობას ეძახიან. ამასთან, თუ ორსულობა არანამშობიარევ ქალში 4-6 სთ-ში, ხოლო ნამშობიარევში 2-4სთ-ში სრულდება, მას სწრაფი მშობიარობა ეწოდება. გარდა ამისა, არსებობს მშობიარობის ელვისებური ფორმები (არანამშობიარევ ქალში გრძელდება მხოლოდ 4სთ, ნამშობიარევში 2სთ).

მშობიარობისას გამოიყოფა სამი პერიოდი: პირველი (საშვილოსნოს ყელის გახსნა), მეორე (ნაყოფის გამოძევება) და მესამე (მომყოლის პერიოდი).

საშვილოსნოს ყელი უნდა გაიხსნას 10-12 სმ და ეს პროცესი გრძელდება 5-8-დან  9-12 სთ-მდე.

საშვილოსნოს ყელის გახსნას მოსდევს ნაყოფის გამოძევება. მიომეტრიუმის რიტმული შეკუმშვა იწვევს ნაყოფის გადაადგილებას სამშობიარო გზებში. პროცესში მონაწილეობენ მუცლის კუნთებიც. მშობიარობის მეორე პერიოდში მშობიარეს საჭიროებისამებრ უნდა აღმოუჩინონ დახმარება (ძირითადად, ბებიაქალმა), რათა არ მოხდეს შორისის ჩახევა. ხშირად საჭირო ხდება პატარა განაკვეთის გატარება, რაც ამცირებს, როგორც ნაყოფის, ასევე დედის ტრავმატიზაციას.

ნაყოფის დაბადებას მოსდევს მომყოლის პერიოდი. მომყოლს წარმოადგენს პლაცენტა და სანაყოფე გარსები. მომყოლის პერიოდი 30 წუთი გრძელდება. აუცილებელია მომყოლის შემოწმება, რათა პლაცენტის მთლიანობა არ იყოს დარღვეული და საშვილოსნოში არ დარჩეს პლაცენტისა, თუ სანაყოფე გარსების ნაწილები და არ დაიწყოს სისხლდენა.