მინდა, ქართველი Virginia E. Johnson ვიყო…

11254160_1702013880027716_4362552032659966937_n

ყველას აქვს თავისი ოცნება, მიზნები და სურვილები. მე მიყვარს ჩემი მედიცინა, ჩემი საიტი, ჩემი დიდი მიზნები…

როცა სამედიცინო სექსოლოგიის კითხვა დავიწყე და ეს საიტი შეიქმნა, ვწერდი ჩემთვის, ვკითხულობდი, რომ მესწავლა, იმდენი რამე არ ვიცოდი და იმდენი რამის გაკეთება მინდოდა…

როცა იმ ეტაპზე გადავედი, რომ ვიცოდი სად რა უნდა მომეძებნა, ბლოგზე მკითხველების შეკითხვებზე პასუხების გაცემა დავიწყე. ყოველ დღე მე და საიტის მკითხველები ვიზრდებოდით ერთად…

უკვე 5 წელია ვცდილობ ჩემი ცოდნა იყოს არა “ცოდნა ცოდნისთვის”, არამედ “ცოდნა ცხოვრებისთვის”. იყო რაღაც პერიოდი, როცა პირად ცხოვრებაში ნეგატიური მოვლენების გამო, ჩემი პროფესიული განვითარება შეჩერდა, მაგრამ წელს უამრავი გეგმა და მიზანი მაქვს. მიზანი და არა ოცნება! მე მიზნები მაქვს, მიზნები, რომელთა მიღწევაც მხოლოდ ჩემს მონდომებას მოითხოვს.

  • მინდა, საქართველოში არსებობდეს სექსოლოგთან კონსულტირების კულტურა;
  • მინდა, ექიმთან სექსუალურ ცხოვრებაზე ლაპარაკი არ იყოს მოსარიდებელი;
  • მინდა, ადამიანის განვითარების საჭირო ეტაპზე საჭირო ინფორმაცია იყოს ხელმისაწვდომი;
  • მინდა, აფთიაქში თავდაცვის საშუალებების შეძენისას ფარმაცევტის გამკიცხავი მზერის გამო, ადამიანებმა უარი არ თქვან უსაფრთხო სექსზე;
  • მინდა, მოზარდებს ჰქონდეთ ინფორმაცია, სქესობრივი გზით გადამდებ ინფექციებსა და თავდაცვის ეფექტურ საშუალებებზე;
  • მინდა, საქალწულე აპკის თემა არ იყოს ადამიანთა ურთიერთობაში გადამწყვეტი;
  • მინდა, სექსუალური განათლება იყოს ყველასთვის ხელმისაწვდომი;
  • მინდა, ჩემი შრომა ცვლიდეს ადამიანების ცხოვრებას პოზიტივისკენ;
  • მინდა, ისტორიას დარჩეს ჩემი ნაკეთები საქმე;
  • მინდა, ქართველი Virginia E. Johnson ვიყო…

ყველას წარმატებულ წელს გისურვებთ, მიზნების განხორციელებას და ყველა მინდას ასრულებას!!! ^.^