სათესლის ტკივილი

shutterstock_174198530-752x501-e1460561631359-300x200

სათესლე ჯირკვლის ან სკროტუმის ტკივილი შეიძლება იყოს ცალმხრივი ან ორმხრივი და ორმხრივი, სრული ან ნაწილობრივი და გამოწვეულია მისი დაზიანებით.  ხანგრძლივობის მიხედვით შეიძლება იყოს მწვავე, ქვემწვავე, და ქრონიკული (ორქალგია).

სათესლე ჯირკვლებში ტკივილის მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ტრავმა;
  • სათესლის შემოგრეხა;
  • ეპიდიდიმიტი;
  • სათესლის დანამატის შემოგრეხა;
  • საზარდულის თიაქარი;
  • ორქიტი;
  • სათესლის სიმისივნე;
  • თირკმელში კენჭების არსებობა;
  • აბდომინალური ინფექციები ან სისხლდენა;
  • პოსტვაზექტომიური პერიოდი;
  • პროსტატიტი;
  • ვარიკოცელე;
  • ჰიდროცელე;
  • სპერმატოცელე;
  • პოლიარტერიტის ნოდოზა;
  • ფორნერის განგრენა.

ტრავმა-სათესლე ჯირკვლებზე პირდაპირი ტრავმა როგორც წესი ძლიერ მტკივნეულია, ტკივილი აღმოცენდება სწრაფად და გარდამავალია.  ტრავმების 85% გამოწვეულია ბლაგვი საგნების  დარტყმის შედეგად მიყენებული (სპორტის დროს, ფეხის ან ხელის დარტყმით, საავტომობილო შემთხვევებით, ცხენზე ჯირითი და სხვა).

ტრავმის შედეგად შესაძლოა განვითარდეს სისხლნაჟღენთი, სისხლჩაქცევა, შეშუპება და ა.შ. იშვიათ შემთხვევაში ტრავმა იწვევს უფრო სერიოზულ დაზიანებას და საჭირო ხდება გადაუდებელი ქირურგიული ჩარევა.

სათესლის შემოგრეხა – სათესლე ბაგირაკის შემოხვევა სათესლე ჯირკვალზე. ამ დროს წყდება სისხლმომარაგება,  ვითარდება ქსოვილების იშემია.  ძირითადად გვხვდება 12-18 წლის ასაკში. კლინიკურად ვლინდება სათსლეების ძლიერი ტკივილი და პალპაციით ჯირკვლის სიმაგრე, რომელიც გამოხატულია 6 საათზე ნაკლებ ხანს. შესუსტებულია ან გამქრალია m.cremaster-ის რეფლექსი.

რისკ-ფაქტორები: შემთხვევათა 90%-ში  თანდაყოლილი მანკის გამო ვითარდება (Bell Clapper deformity), სიცივე, დიდი ზომა.

დიაგნოზი: ანამნეზი და ულტრაბგერითი გამოკვლევა.“ფრენის  ნიშანი“ და კრემასტერული რეფლექსი უარყოფითია.

მკურნალობა: სათესლის მანუალური დეტორსია, გარკვეულ შემთხვევებში საჭირო ხდება ქირურგიული ჩარევა. სამედიცინო მანიპულაციების ეფექტურობა შემოგრეხიდან გასული დროის უკუპროპორციულია. 24 სთ-ის შემდეგ აუცილებელია სათესლის ამოღება განგრენის პრევენციის მიზნით.

ეპიდიდიმიტი – სათესლე ჯირკვლის დანამატის ანთება. 18-49 წლის ასაკის  მამაკაცების 0,69%-ში გვხვდება. გამოიხატება სათესლეების გრადუალური ტკივილით, შესაძლოა მერყეობდეს მსუბუქიდან ძალიან ძლიერ ტკივილამდე. ვითარდება სათესლეების სიწითლე, ჰიპერემია, ადგილობრივად ტემპერატურის მატება დაშეშუპება.

ეპიდიდიმიტი შეიძლება იყოს ქრონიკული და მწვავე, ამასთან იგი სათესლის მწვავე ტკივილის ყველაზე ხშირი მიზეზია.  ეპიდიდიმიტის გამომწვევი უხირესად ქლამიდია და გონორეაა, თუმცა სტერილურმა რეფლუქსმა ეაკულატორული სადინრიდან აგრეთვე შესაძლოა გამოიწვიოს ეპიდიდიმიტი.

მკურნალობა ხდება ანტიბიოტიკებით (აზიტრომიცინი, ცეფიქსიმი, ფტორქინოლონები, დოქსიციკლინი) მიზეზის გათვალისწინებით.

საზარდულის თიაქარი – შესაძლოა ნაწლავის ნაწილი ჩამოცურდეს სკროტუმში, რაც გამოიწვევს ტკივილს და დისკომფორტს.

ორქიტი – არის სათესლეების ანთება. ახასიათებს სისხლიანი ეაკულაცია, ჰემატურია, მწვავე ტკივილი, სათესლეების შეშუპება, პროცესში შესაძლოა ჩაერთოს საზარდულის ლიმფური კვანძები.

მიზეზები: გონორეა, ქლამიდია და ზოგიერთი მედიკამენტი (მაგ, ტრიმიპრამინი) აღსანიშნავია, რომ ყბაყურის დროს პაციენტს შესაძლოა აღენიშნებოდეს ორქიტი.

მკურნალობა: ორალური ანტიბიოტიკები, აასს (მაგ, ნაპროქსენი, იბუპროფენი).

სათესლის სიმსივნე – უხშირესად მიმდინარეობს ტკივილის გარეშე, თუმცა შეიძლება მას თან ახლდეს სიმძიმის და ტკივილის შეგრძნება.

თირკმლის კენჭები – ამ დროს ტკივილი თირკმელებიდან ირადირდება სათესლეებში.

აბდომინალური ინფექცია ან სისხლდენა და  პოსტვაზექტომიური პერიოდი შესაძლოა იყოს სათესლეების ტკივილის მიზეზი.

ვარიკოცელე – სკროტუმიდან სისხლის მადრენირებელი ვენების გაფართოება. აღინიშნება ტკივილი, სიმძიმის შეგრძნება სათესლე ჯირკვალში, ატროფია, შეჭმუხვნა, ვენების შესამჩნევი პალპირებადი გაფართოება. მკურნალობა: ქირურგიული.

ჰიდროცელე: სითხის დაგროვება tunica vaginalis-ში. არსებობს პირველადი და მეორადი, ამასთან ტკივილი პრაქტიკულად არ ახასიათებს. მკურნალობა: ჰიდროცელექტომია.

სპერმატოცელე: სპერმატოზოას დაგროვება სათსლის მილაკებს, გამომტან სადინარსა და სათესლის დანამატში. სპერმატოცელე შეიძლება წარმოდგენილი იყოს დივერტიკულის სახით. უმეტესად არის უმტკივნეულო, თუმცა შესაძლოა ახლდეს ტკივილი. მკურნალობა: სპერმატოცელექტომია.

კვანძოვანი პოლიარტერიიტი: სისტემური დაავადებაა, რომელიც აზიანებს სათესლის არტერიებს და მეორადად სათესლის ქსოვილს.

ფორნერის განგრენა: სწრაფად მიდინარე ძლიერი აგრესიული ინფექცია, ცხელებითა და ინტენსიური ტკივილით. ხასიათდება მაღალი ლეტალობით, თუ არ ჩატარდა ძლიერი ანტიბიოტიკოთერაპია.

პროსტატის და სათესლეების ვაზოკონგესცია:  ვითარდება ხანგრძლივი აგზნების შედეგად, რომელსაც არ მოჰყვება ეაკულაცია.

სათესლის ტკივილის დიაგნოსტიკა

ფიზიკალურ გამოკვლევებში მნიშვნელოვანია: სათესლის ამწევი კუნთის რეფლექსი (ბარძაყის შიგნითა  ზედა ზედაპირზე დარტყმით კუნთის შეკუმშვა და სათესლე ჯირკვლების აწევა).  ეს რეფლექსი დადებითია ძირითადად ეპიდიდიმიტის დროს, მაგრამ უარყოფითია სათესლის შემოგრეხის დროს, რადგან სათესლეები ამ დროს უკვე აწეულია. ფრენის ნიშანი – სათესლეების აწევის დროს ტკივილი იხსნება (დადებითია ეპიდიდიმიტის დროს).

ლაბორატორიული გამოკვლევები: შარდის ანალიზი (ძირითადად ნორმალურია სათესლის შემოგრეხვის დროს. პიურია და ბაქტერიურია ინფექციებზე მიუთითებს, მაგ. ეპიდიდიმიტი, ორქიტი, ან სპეციფიური ანთებითი დაავადებები: გონორეა, ქლამიდია, ტრიქომონა და ა.შ.

რადიოლოგიურად:  ულტრაბგერა გამოიყენება, როდესაც მიზეზი უცნობია.  განსაკუთრებით შემოგრეხის დროს.