მშობლის როლი შვილის სექსუალურ განათლებაში

შესავლების წერა არ მიყვარს და არც მეხერხება ალბათ, უბრალოდ დამიგროვდა თქვენთან სასაუბრო და მოკლედ ვეცდები, გითხრათ სათქმელი.

  • ის, რომ სექსუალური განათლება ჩვენს ქვეყანაში კრიზისულია, ფაქტია.
  • ის, რომ ჩვენი ახალგაზრდების დიდ ნაწილს სკოლის ასაკიდანვე აქვს სექსუალური ცხოვრება, ფაქტია.
  • ის, რომ ინტერნეტში ყველანაირი ვალიდური და არავალიდური ინფორმაცია ხელმისაწვდომია, ფაქტია.
  • ის, რომ ჩვენს ქვეყანაში სექსუალური განათლება არაფორმალურია, ფაქტია.
  • ის, რომ თავდაცვის საშუალებებზე ინფორმაცია მოზარდებს არ აქვთ, ფაქტია.
  • ის, რომ ოჯახის როლი ბავშვის სრულფასოვან განვითარებაში წამყვანია, ესეც ფაქტია!

სექსუალური ჯანმრთელობა – ეს არა მხოლოდ ჯანმრთელი სექსია, არამედ მოიცავს ქცევების, ღირებულებების სრულფასოვან ჩამოყალიბებას. მოზარდის სექსუალური განათლება არის სექსუალური ჯანმრთელობის ძირითად განმაპირობებელი.

დროულად დაწყებული სექსუალური განათლება ხელს უწყობს სექსის, სიყვარულის, ფიზიკური სიახლოვის, საკუთარი სექსუალობის სწორად აღქმას და მოზარდის სწორად ჩამოყალიბებას.

ჩემი თაობის ნაწილი გაიზარდა ინფორმაციულ ვაკუუმში, ნაწილს არაფორმალური სექსუალური განათლება აქვს მიღებული (მეგობრები, ჟურნალები, ფილმები) და მხოლოდ ძალიან მცირე ნაწილს საჭირო დროს საჭირო ინფორმაცია მიაწოდეს მშობლებმა. სწორედ ამ მცირე ნაწილისთვის ადამიანის სექსუალური განვითარების ყველა ეტაპი უფრო მარტივი და უფრო ჯანსაღი იყო და არის.

ამ საიტის დაარსების პირველივე დღიდან მინდა, რომ ჯერ მშობლებმა იკითხონ ინფორმაცია, გაიზრონ მისი მნიშვნელობა და მიხვდნენ, რაოდენ დიდია მათი როლი შვილების ჩამოყალიბებაში.

მე მშობლებთან მაქვს შეკითხვა: ხართ ისეთი მშობელი, რომელთანაც შვილს შეუძლია ყველა თემაზე საუბარი? თუ არა, მაშინ მიპასუხეთ: თქვენს შვილს აუცილებლად ექნება შეკითხვები და ვინ უნდა უპასუხოთ მათ? მხოლოდ თქვენ შეგიძლიათ უთხრათ შვილს, რომ ყველა კითხვაზე გასცემთ პასუხს. თქვენ ხართ თქვენი შვილის პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი მასწავლებელი. ყურადღებიანი მშობელი ადვილად ამჩნევს შვილის მოთხოვნილებას ინფორმაციაზე, შემდეგ კი ცდილობს დააკმაყოფილოს ეს მოთხოვნილება.

მოზარდისთვის აუცილებელია:

  • მშობელი გამოხატავდეს პატივისცემას და სიყვარულს შვილის მიმართ;
  • მშობელს ესმის, რომ გარდატეხის ასაკი არ არის კრიზისი;
  • მშობელს უნდა უნდოდეს მოზარდთან ურთიერთობა, მაგრამ არ მოითხოვოს ყველა კითხვაზე პასუხი;
  • მშობელმა უნდა იცოდეს, რომ მოზარდთან ურთიერთობაში მთავარი არის მოსმენა;
  • მშობელი ყველაზე სულელურ შეკითხვებსაც სერიოზულად უნდა პასუხობდეს;
  • არ ამბობს, რომ არის იდეალური და შვილს ასწავლის, რომ შეცდომები ცხოვრების გაკვეთილებია;
  • მშობელს შვილისგან დასმული შეკითხვებს სექსზე უხერხულობის მიუხედავად პასუხობს;
  • მშობელის უნდა იყოს სულ ხელისაწვდომი.

ის ფაქტი, რომ სექსზე შვილთან საუბარი აუცილებელია, სულაც არ ნიშნავს იმას, რომ ეს ადვილია. ყველა მშობელს არ აქვს სექსუალური განათლება და ძალიან ბევრ შეკითხვაზე თავადაც არ აქვს პასუხი. გამომდინარე აქედან, მშობელიც მუდმივად უნდა ვატრდებოდეს, კითხულობდეს და ცდილობდეს, იპოვოს პასუხები შვილის შეკითხებზე. მშობელსა და შვილს შორის კომუნიკაცია უნდა იყოს მუდმივი და არა ერთჯერადი და ასატანი.

მე ის ადამიანი ვარ, განათლება დამოუკიდებლად მასტერსის, ჯონსონის და ფადენის კითხვით რომ მიიღო, დანარჩენი კი ცხოვრებამ ასწავლა. მე ის ადამიანი ვარ, რომელსაც უნდა მოზარდი სექსუალურ ცხოვრებას ფიზიკურადაც და ინფორმაციულადაც მომზადებული ხვდებოდეს. გამომდინარე აქედან, თავს უფლებას მივცემ, მშობლებს ვურჩიო, რომ მუდმივად ეკონტაქტონ შვილებს. მოუსმინონ, რას კითხულობს ბავშვი, გაარკვიონ სწორად გაიგეს თუ არა შეკითხვა, დარწმუნდნენ, რომ შეკითხვაზე აქვთ პასუხი და მხოლოდ მერე უპასუხონ. პასუხი უნდა იყოს მოკლე, კონკრეტული და ასაკისთვის შესაბამისი. მშობლისთვის ეს არის რთული, გამომდინარე იქიდან, რომ მისთვის ძნელია შვილის სექსუალურ მოთხოვნილებებსა თუ შესაბამის ინფორმაციაზე ფიქრი, მას სჭირდება ემოციურად მოემზადოს ამ საუბრისთვის. თუმცა ის ფაქტი, რომ მშობელი ყველაზე კარგად იცნობს თავის შვილს, მოაგვარებს ყველა უხერხულობას თუ გაუგებრობას. მშობლის მიერ მიწოდებული ინფორმაცია გასაზღვრავს შვილის წარმოდგენას, რა მოჰყვება ნაადრევად დაწყებულ სექსუალურ აქტივობას, რა მოჰყვება კონტრაცეფციის უგულებელყოფას, რა მოჰყვება ნეგატიურ სექსუალურ გამოცდილებას და პარტნიორის არასწორად არჩევას.

შეუძლებელია, ერთი პოსტით, ერთი ადამიანით, ერთი საიტით შეიცვალოს ჩვენს ქვეყანაში არსებული ნეგატიური დამოკიდებულება სექსუალური განათლებისადმი, მაგრამ ამ პოსტის წაკითხვის შემდეგ ერთ მშობელს შეუძლია ერთი შვილის სრულფასოვან ჩამოყალიბებას შეუწყოს ხელი და ჩემი მცდელობაც არ ჩაივლის ფუჭად.